სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5 464 ოჯახს დაურეგისტრირდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის.

„2023 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დაიწყო სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე, პროექტი ეხება შემდეგ სისტემურ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში ჩართულია. 15 000-მდე განაცხადი იყო შემოსული, რადგან ეს პრობლემა ბევრ ადამიანს წლებია აქვს და ვერ ირეგისტრირებენ საკუთარ მიწას. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მოხდა მიწების იდენტიფიცირება, ისტორიის შესწავლა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 5 464 ოჯახის განაცხადი დაკმაყოფილდება.

„პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4 264 ჰექტარს, საიდანაც დაურეგისტრირებელია, დაახლოებით, 757 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ეხება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 5 464 ოჯახს დაუკმაყოფილდება განაცხადი. მინდა, მივულოცო მათ. ეს არეალები მოქცეულია სოფელი დიღმის, დიდგორის, ძველი ვეძისის, კვესეთისა და ბეთანიის სისტემურ არეალში“, - აღნიშნა თბილისმა მერმა.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება