ალეკო ელისაშვილი კახეთში მოსახლეობას შეხვდა

არჩევნებამდე 10 დღით ადრე ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კახეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრები შედგა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ადგილობრივებისგან არსებული პრობლემები მოისმინა და მათ მოგვარებას დაჰპირდა.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, კახეთში გლეხები ვერ ახერხებენ ყურძნის რეალიზებას, იორმუღანლოს სოფლებში კი მოსახლეობას აწუხებს ისეთი ყოფითი პრობლემები, როგორიცაა სასმელი წყალი, გაზი, გზა, ასევე, საავადმყოფოების, სკოლებისა და ბაღების არასაკმარისი რაოდენობა.

მისივე თქმით, პრობლემებია განათლების კუთხითაც, ადგილობრივებს აქვთ ენობრივი ბარიერი, რაც მათ ინტეგრირებას სხვა სოფლებთან აფერხებს.

,,დღეს ვიყავით საგარეჯოში, შევხვდით ჩვენი შტაბის წევრებს, შემდეგ კი ქალაქში გვქონდა კარდაკარი. მოვიარეთ საგარეჯოს ლეგენდარული ადგილები, ვიყავით თოხლიაურში, ბადიაურში, ველაპარაკეთ უკმაყოფილო გლეხებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, წელსაც მოატყუა ,,ქართულმა ოცნებამ". თავდაპირველად დაჰპირდნენ, რომ სახელმწიფო ყურძენს ლარ-ნახევრად ჩაიბარებდა, ბოლოს კი ლარადაც ვეღარ აბარებენ ყურძენს, ათენებენ და აღამებენ ღვინის ქარხნებთან, უფუჭდებათ უკვე მოსავალი. ვიყავით, ასევე, იორმუღანლოს თემში, შვიდი აზერბაიჯანული სოფელია იორმუღანლოს თემში გაერთიანებული შუაგულ კახეთში. აქ უამრავი პრობლემაა, არიან აბსოლუტურად მიტოვებულები, 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი ენატრებათ, ერთადერთი საბავშვო ბაღია შვიდ სოფელში, არადა ხალხმრავალი სოფლებია შვიდივე. არასაკმარისია სკოლების რაოდენობა, ამ სკოლებში კიდევ უფრო არასაკმარისი რაოდენობით ქართულის მასწავლებლები და ამის შედეგია, რომ 30 წელია ქართული ენა ვერ ისწავლეს აზერბაიჯანელებმა იორმუღანლოში, რის გამოც მათი ინტეგრაცია ფერხდება, ამიტომაც ეს თემი არის ჩაკეტილი. ჩვენს ხელისუფლებას ქართველები არ ადარდებს და აზერბაიჯანელები მით უფრო. უამრავი პრობლემაა, გზა გადათხრილი, ახლა დაიწყეს ყველგან ჩიჩქნა წინასაარჩევნოდ, დგას მტვერი, ბუღი, კატასტროფა ხდება შვიდივე სოფელში. მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ეს ხალხი არ ადარდებს. 12 წელია ხელისუფლებაში არიან, რამის გაკეთება თუ უნდოდათ, აქამდე გაეკეთებინათ. საგარეჯოშიც და მთელ ქვეყანაში ვითარება არის შესაცვლელი და უნდა შევცვალოთ. იმასაც გეტყვით, 200 000 სამუშაო ადგილი და 1000 ლარიანი პენსია, რასაც ჩვენ გპირდებით, აბსოლუტურად რეალურია, ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო დაპირება, ეს არის კარგად დაანგარიშებული, ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და კარგად ავწონ-დავწონეთ. ჩვენი კოალიცია მარტო ამათ შესაცვლელად კი არ ვიბრძვით, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა და ზუსტად ვიცით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს ნებისმიერი მიმართულებით", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ადგილზე იმყოფებოდა ასევე ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, კახეთის რეგიონის კურატორი გიორგი შაიშმელაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, იორმუღანლოს სოფლები ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული თემია, რომელიც საბაზისო სერვისებითაც კი არ არის უზრუნველყოფილი.

შაიშმელაშვილის თქმით, ,,ძლიერი საქართველოს" ლიდერები ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.

,,ძლიერი საქართველო" ვაგრძელებთ კამპანიას კახეთში. დღეს საგარეჯოს რამდენიმე სოფელს ვესტუმრეთ და ახლა ჩამოვედით იორმუღანლოში, სადაც არის ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისგან დასახლებული სოფლები. ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული თემია, მათ შორის ისეთი საბაზისო სერვისებით, როგორიცაა გზა, საავადმყოფო, სკოლები, საბავშვო ბაღები. ეს ყველაფერი ძალიან დიდი პრობლემაა აქაური ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და დავპირდით ამ პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან