საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ავსტრიის ბიზნეს დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც BAG-ის წევრი კომპანიებისა და ავსტრიული კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრისას, საუბარი საქართველო-ავსტრიის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებებსა და ბიზნეს საქმიანობას შეეხო.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ავსტრიელ სტუმრებს BAG ინდექსის ბოლო კვარტლის შედეგები გააცნო, რის საფუძველზეც ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემო და ბიზნესკლიმატი მიმოიხილეს. ისაუბრეს იმ ჯანსაღ მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და რამაც ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობაზე მნიშვნელოვნად პოზიტიური ასახვა პოვა.
ასევე საუბარი არსებულ გამოწვევებს შეეხო, კერძოდ კი, შრომითი ძალის ნაკლებობასა და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს.
„ავსტრიელ კოლეგებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი სახის შეხვედრები და დიალოგი, მნიშვნელოვანია, როგორც ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. შეხვედრაზე შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობისა და ბიზნეს ოპერატორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებაზე, რაც დარწმუნებული ვართ, პოზიტიურ შედეგს მოიტანს პროცესში ჩართული მხარეებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
მათი ცნობით, ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და წარმოების სექტორში ოპერირებენ, BAG-ის წევრებს საკუთარი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.