კახა კალაძე - ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი არ ვიცი რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში - პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ჩემი ქვეყანა, პირველი მე ვარ პროქართველი

ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი არ ვიცი რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში-პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ჩემი ქვეყანა, პირველი მე ვარ პროქართველი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ის აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ქვეყნის მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე საუბარი დიდი სიყალბე და სიცრუეა.

„ერთია სიყალბე და ვირტუალური სამყაროს შექმნა, რისი მცდელობაც რეალურად აქვთ, რაც 2012 წლამდეც იყო. მაშინაც იგივე დამოკიდებულება იყო, ვირტუალური საქართველო შექმნეს და გარედან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ თურმე სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო, ამას ასე აფასებდნენ. რეალობაში, სხვა მოცემულობა გვქონდა.

ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა ამ სისხლიან რეჟიმს პატრონებთან ერთად პასუხი გასცა. დღეს ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატია გვაქვს, ეკონომიკური მიმართულებით ქვეყანა წინ მიდის, ბიზნესს არავინ ატერორებს, არავინ იბარებს და ართმევს ბიზნესს, ციხეებში გვახსოვს როგორი მდგომარეობა იყო, დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, ქუჩაში ახალგაზრდებს არ ხოცავენ და ამ მოცემულობაზე გვეუბნებიან რომ უკან გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. დიდი სიყალბე და სიცრუეა, ამის თქმის საფუძველი არ არსებობს. როგორც კი არჩევნები დამთავრდება, რუსეთ-უკრაინის ომი მილევად რეჟიმში გადავა, შევძლებთ ურთიერთობების დალაგებას. სანამ ომი დაიწყებოდა, ეს მდგომარეობა ხომ არ გვქონდა?! მას შემდეგ დაიწყო ასეთი განცხადებები, როდესაც საქართველომ უარი თქვა სანქციებზე მიერთებაზე. ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი არ ვიცი რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ჩემი ქვეყანა, პირველი მე ვარ პროქართველი, პროქართულ პოლიტიკას ვატარებ. ეს არის მნიშვნელოვანი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. პატივს ვცემთ ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს. ყველაფერი დალაგდება, როგორც კი არჩევნები დასრულდება და ომი გადავა მილევად რეჟიმში“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.

განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდიa

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება