“ქართული ოცნება” ძალიან კარგად ხედავს, რომ გადამწყვეტ არჩევნებში მოქალაქეები აკეთებენ სწორ არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ, ამიტომ, მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” მის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისგან ჩამორთმეულ პირადობის მოწმობებს ეხება.
კორძაიამ ასევე განაცხადა, რომ განზრახ არ დაასახელა იმ პირების გვარები, რომლებიც მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, რადგან, როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ აღნიშნული პირები მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე დაუბრუნებენ.
“პირადობის მოწმობების წაღებას არავითარი კავშირი არ აქვს ელექტრონულ არჩევნებთან. აქ არის ერთადერთი მიზანი, რომ პირადობის მოწმობა ვისაც არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს. “ქართული ოცნება” ძალიან კარგად ხედავს, ამ გადამწყვეტ არჩევნებში მოქალაქეები აკეთებენ სწორ არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ და ის წააგებს ამ არჩევნებს, ამიტომ, მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. გადავიდნენ ბრუტალურ მეთოდებზე და ყველაფერს კადრულობენ. ცალსახაა ის, რომ “ქართული ოცნება” ყველაფრის მკადრებელია, უბრალოდ, მე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი ტიპის მეთოდებით ბრძოლისას ძალიან რთულია საპასუხო ბრძოლა, რადგან ამ მეთოდებისთვის დამახასიათებელია ის, რომ ადამიანები ვერ ბედავენ ხმამაღლა საუბარს, ეშინიათ. ჩვენ ვამხელთ მათ და იმედი მაქვს, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი დაინტერესდება ამ საკითხით და ხვალ ან ზეგ გააკეთებენ განცხადებას, რომ ყველას აქვს პირადობის მოწმობა დაბრუნებული”, - განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ არ აქვს განწყობა, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
მან კალანდარიშვილს ურჩია, რომ არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და აღიაროს ხალხის არჩევანი.
“გიორგი კალანდარიშვილს ვურჩევ, რომ არ დაემორჩილოს ხელისუფლების ნებას და აღიაროს ხალხის არჩევანი, იმიტომ, რომ ყველა კვლევით, ჩვენი შეხვედრებით დასტურდება ის, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი კეთილდღეობაა ევროპაში და ის, რომ საქართველომ არ უნდა შეცვალოს კურსი და არ უნდა გაანადგუროს დემოკრატიული საფუძვლები ამ ქვეყანაში. ეს არის ჩემი რჩევა ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ. თუმცა, მან არც ერთხელ არ გაითვალისწინა ჩვენი განცხადებები და საჩივრები და მე ზუსტად ვიცი, რომ თავს იმართლებს, თითქოს სამართლებრივად არ იყო დასაბუთებული და ა.შ. ეს ასე არ არის. როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო და საოლქო სარჩევნო კომისიებს უპარტიო წევრებით აკომპლექტებს და ეს უპარტიო წევრები სოციალურ ქსელებში 41 ნომერს იდებენ “ქავერად” და ყველა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ და, შესაბამისად, აზიარებენ “ქართული ოცნების” ლიდერების ღონისძიებებს, ისინი უპარტიოებად იწოდებიან თუ არა და პარტიული ბილეთი გულის ჯიბეში უდევთ თუ არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კანონში ეს ჩანაწერი იმიტომ არის, რომ უპარტიო ადამიანი რეალურად ნეიტრალური იყოს და საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს არ გამოხატავდეს. მათ ეს არ გაითვალისწინეს, არ შეისწავლეს ჩვენი საჩივრები და უარი გვითხრეს, ამიტომ, არ მაქვს წინასწარ განწყობა იმის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი. რამდენი ვიბრძოლეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით და მათი ლოგიკა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია - თუ გვეუბნებოდნენ, რომ უბნები უნდა გაიხსნას იქ, სადაც ქვეყნის საკონსულოებია და წარმომადგენლობა გვაქვს, მაშინ სტრასბურგში გვაქვს ასეთი და რატომ არ გახსნეს იქ? არ აქვთ ამაზე არგუმენტირებული პასუხი”, - აღნიშნა კორძაიამ.
გარდა ამისა, თამარ კორძაიამ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც სუს-მა ყალბი პირადი საუბრების ფარული ჩანაწერების მოსალოდნელი გავრცელება დააანონსა. კორძაიას თქმით, სწორედ სუს-ია ქვეყანაში დეზინფორმაციის ნომერ პირველი გამავრცელებელი და მოვა დრო, როდესაც უწყების საქმიანობას საფუძვლიანად გამოიძიებენ.
“დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც სუს-ის საქმიანობა იქნება საფუძვლიანად შესწავლილი და გავარკვევთ, ისინი რამდენ ადამიანს უსმენდნენ უკანონოდ და რამდენს აშანტაჟებდნენ სინამდვილეში.
ახლაც, ტრადიციულად, თვითონ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს - სუს-ი თვითონ არის ნომერ პირველი დეზინფორმატორი ამ ქვეყანაში და მისი ეს განცხადება სწორედ იმისთვის არის, რომ მერე ვიღაცებს გადააბრალოს, უბრალოდ მათი ყოველი სიტყვა გაცვდა, არავის მათი აღარ სჯერა. მათი რომ აღარავის სჯერა და არჩევნებს აგებენ, იმიტომ არის, ასეთ ბრუტალურ მეთოდებზე რომ გადავიდნენ - მოქალაქეებს ემუქრებიან და პირადობებს ართმევენ”, - განმარტა კორძაიამ.