გივი მიქანაძე - მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით - რადიკალებისთვის დამახასიათებელია ამგვარი სიცრუის კამპანია

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ხდება. გივი მიქანაძის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს მმართველი გუნდის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„დღეს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე ვითომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ამის არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ, რაც საბოლოო დადასტურდა რომ მხოლოდ სიცრუე და დეზინფორმაცია იყო.

ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით“, - განაცხადა მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ინფორმაცია, რომელიც, მისი განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ, ცრუ განცხადება გაავრცელა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში პირადობის მოწმობების „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩამორთმევის შესახებ, თუმცა, იგი მსგავს განცხადებებს 2020 და 2021 წლებშიც აკეთებდა.

„17 ოქტომბერს თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და ოფისში წაიღეს. წარმოდგენილი ინფორმაცია სიცრუე რომ არის, ამაზე თავად კორძაიას განცხადება მეტყველებს, რომლის თანახმად [ვციტირებ] „ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ“. რეალურად, არანაირი პირადობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია და არის მტკნარი სიცრუე. თუმცა, თამარ კორძაიასგან მსგავსი განცხადება არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რადგან 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებზეც იგივე სიცრუის ტირაჟირებით იყო დაკავებული, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, სრული სიცრუეა ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გაშვებული სიუჟეტიც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ. ამასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, დაადასტურა, რომ სიუჟეტი მანიპულაციაა და უწყებათაშორის კომისიას ფაქტის შესწავლისკენ, ხოლო სადამკვირვებლო მისიებს მისი შეფასებისა და შესაბამის ანგარიშებში ასახვისკენ მოუწოდა.

„17 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაუშვა სიუჟეტი, რომლითაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირებას შეეცადა. სიუჟეტში გაჟღერებული სიყალბე არის რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა რუსთავის მერმა, რომლითაც დადასტურდა, რომ სიუჟეტში ასახული ინფორმაცია არის სრული სიყალბე, და მიმართა უწყებათაშორის კომისიას და სადამკვირვებლო მისიებს, რათა დეტალურად შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტი, აისახოს შესაბამის დასკვნებში.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო