საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები „ჯი ემ ფარმასიუთიქალის“ საწარმოო პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ფარმაცევტული კომპანიის - „ჯი ემ ფარმასიუთიქალი“, საწარმოო პროცესს გაეცნენ. გასვლით ექსკურსია-სემინარში მონაწილეობა ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ექსკურსია-სემინარი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის, კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა და მასში, სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ: სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, პროფესორი ნატო ქათამაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, ამავე ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ცინცაძე და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, მექანიკის ინჟინერიის პროგრამის მასწავლებელი მაკა ქაშიბაძე.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის, კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, სწავლება-სწავლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პრაქტიკული კურსია, უნივერსიტეტი კი სტუდენტს ყველა პირობას უქმნის და ხელს უწყობს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

„ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ საშუალება ადგილზე, თავად წარმოებაში, დააკვირდნენ წარმოების პროცესს, გაეცნონ საქმიანობის სპეციფიკას და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გაიღრმაონ მსგავსი შეხვედრებით. „ჯი ემ ფარმასიუთიქალის“ წარმოება არის ევროპული დონის, მაღალტექნოლოგიური წარმოება და ამდენად, მისასალმებელია, რომ ჩვენს სტუდენტებს აქვთ საშუალება მოინახულონ და ადგილზე დააკვირდნენ წარმოების პროცესს, რაც მათ პროფესიულ უნარებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობის უფრო გაღრმავება, რასაც მივესალმებით და გვახარებს, რომ სტუდენტებს მსგავსი შეხვედრებით ვაძლევთ კარიერული ზრდის საშუალებას“, -განაცხადა ნატო ქათამაძემ.

როგორც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, სტუდენტები ადგილზე გაეცნენ „ჯი ემ ფარმასიუთიქალის“ წარმოების პროცესს, კომპანიის სპეციფიკის შესახებ მოისმინეს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ლექცია და ჩაერთნენ დისკუსიაში.

„ფაკულტეტი მიესალმება მსგავსი სახის შეხვედრებს. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გადაიტანონ პრაქტიკაში და ამით აიმაღლონ პროფესიული უნარები. რაც უფრო მეტი ასეთი შეხვედრა დაიგეგმება და განხორციელდება, მით უფრო კარგ შედეგზე გავალთ“,- განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება