ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა

სებ-ის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეიდან საკასო ცენტრის ახალი მისამართია - თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქუჩა #2 (ნაცვლად კახეთის გზატკეცილი #72).

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნულ ბანკში მოხარულები არიან, რომ იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლის დაფასების შესაძლებლობა მიეცათ.

„იასონ ლორთქიფანიძეს უდიდესი ღვაწლი აქვს საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებაში და თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში და მოხარულები ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ამ მცირე ნაბიჯით დავაფასოთ მისი ღვაწლი. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც სასიამოვნო სიახლე იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, სიმბოლურია, რომ იასონ ლორთქიფანიძის სახელი სწორედ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩას ეწოდა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად, მიგვეღო აღნიშნული გადაწყვეტილება რათა მისი სახელი შემოვუნახოთ მომავალ თაობებს“, - აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მისი წვლილი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბების, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში - ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი; მისი თაოსნობით, განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი მოიძიეს. ის ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.

შეგახსენებთ, რომ წელსვე თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება