მოგეხსენებათ, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან გავიდა 14 თვე. ტრაგედიის ადგილზე განუსაზღვრელი დროით აკრძალულია ნებისმიერი სახის სამუშაოების ჩატარება, აზრს მოკლებულია საუბარი რაიმე სახის ფუნქციონირებაზე. სწორედ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასების დოკუმენტში ვხვდებით რეკომენდაციას, რომ კურორტ შოვში რაიმე სახით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება/მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება შეუძლებელია. შენობები რომლებიც ჯერ კიდევ დგას ფაქტიურად განადგურებულია, შეუძლებელია მათთვის რაიმე ფუნქციის დაბრუნება რადგან შოვი როგორც კურორტი აღარ არსებობს.
მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაიწყო რაჭის სხვა ტერიტორიებზე საკურორტო ზონების განვითარებისთვის მზადება. ჩვენი კომპანია მზად არის სახელმწიფოს წამოწყებაში მიიღოს მონაწილეობა და ინვესტიცია ჩადოს რაჭის განვითარებაში.
ჩვენს შემთხვევაში სასტუმრო „სანსეტ შოვი“ დაზღვეული გახლდათ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში, რომელთანაც 10-წლიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა გვაკავშირებდა. გვსურს აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ამ წლების განმავლობაში ზიანის ანაზღაურების საჭიროების არც ერთი შემთხვევა არ დამდგარა. სამწუხაროა, რომ მათთვის არ არის არც ის ობიექტური გარემოებები დამაჯერებელი, რომ შოვი როგორც კურორტი განადგურებულია და თუნდაც რაიმე სახით შენობის ნაწილი უბრალოდ ისევ დგას, მას რაიმე სახის ღირებულება არ გააჩნია. მათთვის ასევე არ აღმოჩნდა დამაჯერებელი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი დასკვნა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი სახის სამუშაოების ჩატარება სტიქიის არეალში დაუშვებელი/აკრძალულია.
სადაზღვევო კომპანიისაგან, რა თქმა უნდა, მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზება, მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებიდან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს შემოთავაზება რეალობას აცდენილია და შესაბამისად არ არის რეალურად დამდგარ ზიანთან ადეკვატური. სამწუხაროა, რომ ჩვენ კვლავ გვიწევს იმის მტკიცება, რაც რეალურად სახეზეა და მტკიცებას არ საჭიროებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში მივმართოთ სასამართლოს და წარვადგინოთ ყველა ის უტყუარი მტკიცებულება, რაც სადაზღვევო კომპანიას დაეხმარება რეალობის სწორად აღქმაში.
მოგახსენებთ, რომ გვეხმიანება უამრავი კომპანია, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი საქმის მსვლელობით. ცხადია, რომ ყველა ჩვენს გულშემატკივარს დეტალურად ჩავაყენებთ საქმის კურსში და ყველა დაინტერესებულ პირს ავუხსნით, რომელიც არის ან აპირებს სადაზღვევო კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას, რა უნდა გაითვალისწინონ და რომელ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რათა არ აღმოჩნდნენ სადაზღვევო კომპანიებისაგან არასათანადო მდგომარეობაში ჩაყენებულები. ჩვენს შემთხვევაში იყო რიგი საკითხები, რაც რეალურად არც ხელშეკრულების დადებამდე მოლაპარაკების ეტაპზე გაჟღერებულა და არც ხელშეკრულებაში დაფიქსირებულა, მაგრამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებზეც საბოლოოდ დამოკიდებული გახდა სადაზღვევო თანხის მიღება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სადაზღვევო ბაზარი სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის დაზღვეულს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სწორედ რომ მათი ვალდებულებაა დაზღვეული სრულყოფილად იყოს ინფორმირებული ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. დამერწმუნებით, რომ საკითხები, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ზიანის ანაზღაურებასთან გახლავთ უმნიშვნელოვანესი. აღნიშნული განსაკუთრებით მიუღებელია იმ პირობებში, როცა ისეთ საკითხებზე, რომელიც რეალურად მომხმარებელს/დაზღვეულს ჰქონია, რომ სტანდარტულად უნდა იქნას განსაზღვრული, აღმოჩნდება რომ ასე არ არის. სამწუახაროა ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიები თავისით ქმნიან ისეთ წესებს, რომელიც აბსოლუტურად მათზეა მორგებული და მაქსიმალურად აზიანებს დაზღვეულის ინტერესებს.
ჩვენ, როგორც კომპანიას, რომელსაც უდიდესი ზიანი მიადგა, ცხადია, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ზიანის ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სასამართლოსთვის მოგვიწევდა მიმართვა. ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევთ სამართლიანობას და ამასთან, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დაინტერესებული იქნება სრულყოფილი ინფორმაციის მიღებით, გავუწიოთ შესაბამისი კონსულტაციები. ჩვენ მათ აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ყურადღებას გავამახვილებთ იმ საკითხებზე, რომელზეც სადაზღვევო კომპანია საწყის ეტაპზე არ ამახვილებს ყურადღებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომ კი სწორედ ამ საკითხებით განსაზღვრავს დამდგარი ზიანის ოდენობას.
(R)