Euronews - საქართველოსთვის სტუმარმასპინძლობა სიყვარულით გაჯერებული შრომაა

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას პირველად უმასპინძლა, რაც ევროპული მაუწყებლობის, „Euronews”-ის ობიექტივში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეწვივნენ სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან: „Forbes“, „Bloomberg“, „Euronews“, „Conde nast traveler“.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟურნალისტები ღონისძიების გაშუქების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნენ. „Euronews“-ის ჟურნალისტი, ლოტი ლიმბი საქართველოში მიღებულ უახლეს გამოცდილებას უზიარებს მკითხველს.

ავტორი აღფრთოვანებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნანახი ოქროს ნაკეთობების გენიალურობით, იგი ხაზს უსვამს არქიტექტურისა და კულტურის ერთ ჭერქვეშ შერწყმას. ჟურნალისტი განსაკუთრებულ გამართლებად მიიჩნევს საქართველოში სექტემბრის მიწურულში ჩამოსვლას, რადგან მისი აზრით, ამ პერიოდში ქვეყნის ეროვნული ღირსება მეტად მკაფიოდ იკვეთება.

ჟურნალისტი არ იშურებს რჩევების სერიას საქართველოს მომავალი სტუმრებისთვის და შესაბამისად, სტატიაც მრავალმხრივი რეკომენდაციებითაა დატვირთული.

„Euronews”-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულად გამოხატავს საქართველოში, როგორც ღვინის სამშობლოში, ჩამოსვლით განცდილ სიამაყეს. იშველიებს კახეთის ტურის ფარგლებში გიდისგან გაგონილ სიტყვებს: „თუ კაცი კარგ ღვინოს ამზადებს, ესე იგი, კარგი კაცია, რადგან ცუდი კაცი კარგ ღვინოს ვერ გამოიყვანს, ქვევრში ღვინის დამზადების მეთოდი „იუნესკომ“ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა, შესაბამისად, ქვევრის ღვინის ყლუპში „იუნესკოს“ ელფერიცაა ჩაქსოვილი“.

ამასთან, მათივე ცნობით, სტუმარი ალავერდის მონასტრის, თელავისა და წინანდლის დიდებულებას არ ტოვებს უყურადღებოდ. ასევე, ასახელებს კონკრეტულ ადგილებსა და მეღვინეობებს, სადაც ღირს ქართული ღვინის დაგემოვნება.

ავტორის აზრით, საქართველოში კერძებზე აზრის გაელვება ავტომატურად აცოცხლებს მრავალფეროვან არჩევანსა და ფართო გასაქანს.

„საქართველოს სამზარეულო აღმატებულად სახასიათოა, ხაჭაპური „უნამუსოდ“ გემრიელი, აჯაფსანდალი, შეიძლება ითქვას, რომ გემოებით გამდიდრებული მოთუშული ბოსტნეულის კერძი, ხოლო ხინკალი კი ხორცით გატენილი გულსართიანი კერძი“,- აღწერს ჟურნალისტი.

სტატიის მიწურულს ლოტი ლიმბი აცხადებს, რომ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის დასრულება და კვლავ დაბრუნების სურვილის გაღვივება ერთმანეთს მიება. ჟურნალისტს უკვე აქვს წარმოდგენილი, თუ რით დაკავდება საქართველოში მომდევნო ვიზიტის ფარგლებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება