სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთის ტერიტორიაზე განლაგების გამო უწყებაში დაიბარა

სამხრეთ კორეაში რუსეთის ელჩი, გეორგი ზინოვიევი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის რუსეთში გაგზავნის გამო პროტესტი გადასცეს.

მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა პირველმა ვიცე-მინისტრმა, კიმ ჰონ-კიუნმა რუსეთის ელჩს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარების მონაწილეობა არღვევს გაერო-ს რეზოლუციებს და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ.

„ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობას, მათ შორის რუსეთში ჯარების გაგზავნას,” - განაცხადა კიმმა და დასძინა, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კორეისა და სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას.

„ჩვენ ვუპასუხებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველა არსებული საშუალების მობილიზებით იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს“, - აღნიშნა კიმ ჰონ-კიუნმა.

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ადგილობრივ სამხედრო ბაზებზე წვრთნებისთვის სპეცდანიშნულების ძალების 1 500 წევრი გაგზავნა და მოსალოდნელია, რომ ისინი უკრაინაში მიმდინარე ომში, აქტიურ სამსახურში ჩაერთვებიან. ამასთან, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ პარასკევს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მხარდასაჭერად დაახლოებით 12 000 სპეცრაზმელის გაგზავნას გეგმავს. უწყებამ ასევე გაავრცელა სატელიტური სურათები და განმარტა, რომ ეს იყო ჩრდილოეთ კორეის ელიტარული ჯარისკაცების პირველი განლაგება, რომლებიც რუსული სამხედრო გემებით 8-3 ოქტომბერს ვლადივოსტოკში გადაიყვანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება