საპატრიარქო - ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას და საზოგადოებაში ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ“.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის