პრემიერი - არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად

არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ „შესაბამისი რეპუტაცია“, რომ საზოგადოება მათი მხრიდან მიწოდებულ შეფასებას ენდოს.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეუძლებელია, ვინმემ ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

„არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. რაც შეეხება დამკვირვებლებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ შესაბამისი რეპუტაცია, რომ შეაფასონ ეს არჩევნები და ფასი რომ ჰქონდეს მათი მხრიდან მოწოდებულ შეფასებას საზოგადოების თვალში. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც, დაახლოებით, 10 დღით ადრე დაიდო არჩევნების დღემდე. პრაქტიკულად, მოიცავს თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს და ამ ანგარიშში ასახულია ერთადერთი არსებითი პრობლემა, ეს არის პოლარიზაცია, რაც ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად სერიოზული პრობლემა. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, პოლარიზაცია მედიაში - ეს ის მოვლენებია, რასთან დაკავშირებით ყველას ისედაც ჰქონდა ინფორმაცია. სხვა რაიმე არსებითი პრობლემა ამ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. ჰაერიდან ვერავინ მოიტანს პრობლემებს, რომელიც არ არსებობს. არჩევნების დღეც ჩაივლის უპრეცედენტოდ კარგად, მათ შორის, ჩვენ შევქმენით ამისათვის ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლის 91% რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად, ხმას მისცემს ელექტრონულად და მათი ხმებიც დაითვლება ელექტრონული წესით, რაც გამორიცხავს, მათ შორის, ადამიანურ შეცდომებსაც კი, მითუმეტეს არავითარი სივრცე მანიპულაციისთვის აღარ რჩება. ასეთ დროს, შეუძლებელია, ვინმემ რაიმე ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. აქედან გამომდინარე, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, საბოლოო ჯამში, შეფასებებთან დაკავშირებით. რეალურად, ყველანაირი საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად", - განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის