საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ 15:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ 15:00 – 20:00 პერიოდში გამოვლინდა სულ 40 ინციდენტი.
მათი ცნობით, ყველაზე მეტი ინციდენტების რაოდენობა კვლავაც მარნეულის საარჩევნო ოლქში გამოვლინდა.
არსებული დროისათვის „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ 5 საჩივარი იქნა წარდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიებში. ასევე, 2 საჩივარი შეტანილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიებში.
მარნეულის #22 ოლქის #17 უბანზე იმყოფებოდა პირი, რომლის დოკუმენტი არ ემთხვეოდა მის სახელსა და გვარს. თავმჯდომარის მოთხოვნის შემდეგ, პირმა დატოვა საარჩევნო უბანი.
დმანისის #24 ოლქის #24 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, კერძოდ ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელმაც სიტყვიერი გაფრთხილების შემდგომ დატოვა უბანი.
გარდაბნის #21 ოლქის #06 უბანზე იმყოფება ბევრი არაუფლებამოსილი პირი, რომლებიც ამომრჩევლებს აძლევენ მითითებებს ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ასევე, სხვადასხვა ხანდაზმულ ადამიანს უბანზე მოჰყვება ერთი და იმავე ადამიანი დასახმარებლად.
ყვარლის #16 ოლქის #11 უბანზე, დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირი (ქართული ოცნების წარმომადგენელი), რაზეც დაიწერა საჩივარი მოთხოვნით, რომ აღნიშნულ პირს დაეტოვებინა უბანი. საჩივარი დაკმაყოფილდა.
მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე ამომრჩეველს მისცეს ორი ბიულეტენი და არ განახორციელეს მისი მარკირება. გაფრთხილების შემდგომ პრობლემა აღმოიფხვრა.
მცხეთის #27 ოლქის #10 უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც არის ამავდროულად ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის“ დამკვირვებელი, ორჯერ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. მას ამავდროულად ორივე ხელზე უფიქსირდებოდა მარკირება.
მარნეულის #22 ოლქის #8 უბანზე ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება და მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
მარნეულის #22 ოლქის #41 და # 8 უბნებზე რეგისტრატორმა არ განახორციელა ამომრჩეველთა მარკირება და მისცა ხმის მიცემის უფლება.
მარნეულის #22 ოლქის #80 უბანზე ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება.
მარნეულის #22 ოლქის #17 უბანზე გამოცხადდა 10-მდე მარკირებული ამომრჩეველი, რომლებიც ცდილობდნენ განმეორებით ხმის მიცემას, რასაც მოჰყვა დამკვირვებლის მხრიდან რეაგირება, თავმჯდომარე კი შეეცადა დამკვირვებლის უბნიდან გაძევებას, მაგრამ საბოლოოდ თავმჯდომარემ მოხსნა მისი მოთხოვნა.
მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე, რეგისტრატორი არასათანადოდ ახორციელებს მარკირებას.
მარნეულის #22 ოლქის #3 უბანზე თავმჯდომარემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს და მიუთითა, რომ დამდგარიყო კონკრეტულ ადგილას.
მარნეულის #22 ოლქის #41 უბანზე თავმჯდომარე დამკვირვებელს არ აძლევს საშუალებას შეასრულოს მისი უფლებამოსილება ჯეროვნად.
მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება და მასზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც დაიწერა საჩივარი.
მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე რეგისტრატორმა მარკირება არ განახორციელა ორ ამომრჩეველზე, რაზეც დაიწერა საჩივარი.
მარნეულის #22 ოლქის #54 უბანზე დამკვირვებელს აუკრძალეს კანონდარღვევის ტელეფონით ვიდეოგადაღება.
მარნეულის #22 ოლქის #2 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნში ინციდენტის დაფიქსირების საშუალებას.
მარნეულის #22 ოლქის #80 უბანზე დამკვირვებელს არ ეძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.
ამასთან ერთად დამკვირვებლებზე ზეწოლის შედეგად ორგანიზაცია იძულებული გახდა მათი უსაფრთხოების გამო 5 მათგანი საარჩევნო უბნებიდან გამოეწვია. აღნიშნულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აისახება ორგანიზაციის მიერ არჩევნების დღის წინასწარი შეფასების დოკუმენტში.
მარნეულის #22 ოლქის #7 უბნიდან გაუშვეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელი, რომელიც ხელმეორედ არ იქნა დაშვებული უბანზე.
მარნეულის #22 ოლქის #48 უბანზე კომისიის წევრი ფიზიკურად შეეხო ორგანიზაცია „შენი ხმის“ დამკვირვებელს, რადგან ის პროცესს იღებდა ტელეფონით. საბოლოოდ დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან.
მარნეულის #22 ოლქის #2 უბანზე ამომრჩევლის გადაადგილებას აფერხებდნენ. საჩივარი დაიწერა უბნის დონეზე, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, მიემართა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საჩივარი დაკმაყოფილდა.
მარნეულის #16 ოლქის #11 უბანზე, საარჩევნო უბნის შესასვლელთან ხდებოდა ამომრჩევლების შეფერხება და მითითება, რომ ხმა მიეცათ “ქართული ოცნებისათვის,” დაიწერა საჩივარი. თავმჯდომარემ მოახდინა რეაგირება, თუმცა არ აღმოფხვრა პრობლემა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაიწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში, რის შემდეგაც ინციდენტი ამოიფხვრა.
ისნის #5 ოლქის #9 უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელი უბანზე ეწეოდა აგიტაციას.
მარნეულის #22 ოლქის #8 უბანზე დამკვირვებლების გარკვეული რაოდენობა და ასევე, კომისიის წევრები ამომრჩეველზე ახდენდა აგიტაციას თუ რომელი პარტიისთვის უნდა მიეცა ხმა.
მარნეულის #22 ოლქის #17, # 8 , # 14 უბნებზე ამომრჩეველმა ფოტო გადაუღო ბიულეტენს.
ასპინძის #39 ოლქის #1 უბანზე, ამომრჩევლები აპარატში ისე ათავსებდნენ ბიულეტენებს, რომ შესაძლებელი ხდებოდა მათი იდენტიფიცირება.
მარნეულის #22 ოლქის #71 უბანზე, კომისიის წევრები იდგნენ კაბინასთან მაშინ, როცა ამომრჩეველი ხმას აძლევდა. აღნიშნულზე დაიწერა საჩივარი, რომელსაც არ მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, რის გამოც გასაჩივრდა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რაზეც რეაგირება მოხდა ნაწილობრივ.
მარნეულის #22 ოლქის #1 უბანზე ელექტრონული აპარატების გაუმართაობის გამო ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
მარნეულის #22 ოლქის #17 უბანზე, ამომრჩეველი შეეცადა შევსებულ ბიულეტენზე ფოტოს გადაღებას, თუმცა დამკვირვებლის შენიშვნის შემდგომ მან შეწყვიტა ქმედება.
მარნეულის #22 ოლქის #80 უბანზე, კომისიის წევრი დგას კაბინასთან და ესაუბრება ამომრჩევლებს.
ახალქალაქის #40 ოლქის #34 უბანზე, ამომრჩეველმა სცადა კომისიის წევრთან ბიულეტენის შევსება. შემდგომ კაბინაში შევსებულ ბიულეტენს გადაუღო ფოტო.
ყვარლის #16 ოლქის #13 უბანზე, ამომრჩეველზე ბიულეტენი გაიცა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ქვითარზე ხელმოწერის გარეშე. დაიწერა საჩივარი, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.
გარდაბნის #21 ოლქის #8 უბანზე, ამომრჩეველმა ორი მცდელობის მიუხედავად ბიულეტენი აპარატში ვერ მოათავსა. ჩარჩო კონვერტის გახსნის შემდეგ ამომრჩეველს აღმოაჩნდა ორი ბიულეტენი. დამკვირვებლის მითითების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ მოახდინა შესაბამისი რეაგირება.
მარნეულის #22 ოლქის #49 უბანზე ამომრჩეველი შეეცადა სხვისი დოკუმენტით ხმის მიცემას. დამკვირვებლის რეაგირების საფუძველზე მან ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწერა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილდა.
მთაწმინდის #1 ოლქის #31 უბანზე კომისიის თავმჯდომარე, სხვა კომისიის წევრთან ერთად ცდილობდნენ დაემალათ ბიულეტენები. ინციდენტი აღმოიფხვრა დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე.
ახალქალაქის #40 ოლქის #34 უბანზე, ამომრჩეველი ცდილობდა ორი შევსებული ბიულეტენის ერთდროულად მოთავსებას სკანერის აპარატში.
მარნეულის #22 ოლქის #80 უბანზე, კომისიის წევრები არ აძლევენ შესაბამის მითითებებს და არ აფერადებინებენ საცდელ რგოლს ამომრჩევლებს.
***
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეზე დაკვირვებას.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი).
არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას უწევს „მრავალეროვანი საქართველო“ საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ოფისი. ინციდენტების ცენტრი მუშაობს საგანგებო რეჟიმში და მოკლევადიანი დამკვირვებლებისგან იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.
საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი სამონიტორინგო ხასიათის ინფორმაცია მედია ოფისის მეშვეობით პერიოდულად (10:00, 15:00, 21:00) მიეწოდება საზოგადოებას ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლითაც ხდება შეფასდება საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის, ხმის მიცემის, საარჩევნო უბნების დახურვის, ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესის. გარდა აღნიშნულისა, 27 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ გაავრცელებს არჩევნების დღის წინასწარ შეფასებას.
საკოორდინაციო ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
„მრავალეროვანი საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამა მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ნორვეგიის სამეფოსა და ესტონეთის საელჩოების, ასევე ახალი დემოკრატიის ფონდისა (NDF) და ფონდ „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს”, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.