ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს, დემოკრატია გაძლიერდეს, ეს არის მათი ნება და ამ ნებას ყველამ პატივი უნდა სცეს - ქართველი პოლიტიკური აქტორები უნდა მოსცილდნენ მენტალიტეტს, რომ გამარჯვებული ყველაფერს წაიღებს და უნდა გაჰყვნენ დემოკრატიულ გზას, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა თამარა ქოფმან ვითესმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ისაუბრა რეკომენდაციების ნაწილზე, რომელსაც NDI გასცემს. მათ შორის, თამარა ქოფმან ვითესმა განაცხადა, რომ „პარლამენტმა მყისიერად უნდა გააუქმოს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი“.
ასევე, მისი თქმით, პოლიტიკურმა და სამთავრობო აქტორებმა ხელი არ უნდა შეუწყონ ან თვალი არ უნდა დახუჭონ რაიმე ფორმით ძალადობაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პოლიტიკური აზრის გამოხატვას ცდილობენ.
„საქართველოს მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ამ თვალსაზრისით. მთავრობამ პოლიტიკური ნეიტრალურობა უნდა შეინარჩუნოს. უნდა მისცეს საშუალება მშვიდობიან პროტესტებს, რომ განხორციელდეს და უზრუნველყოს ყველა ქართველის შესაძლებლობა, პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა. NDI-ის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ გადაუდებლად აუცილებელი და არსებითად მნიშვნელოვანია ქართველი მხარეებისთვის, რომ საარჩევნო პროცესის გამართულობა უზრუნველყონ. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ წინასწარ განაცხადს, რომელშიც 26 სხვადასხვა რეკომენდაციაა მოცემული, რათა პლურალიზმი და ინკლუზიური გარემო იყოს ხელშეწყობილი.
ახლა რამდენიმეს გამოვაცხადებ: პარლამენტმა მყისიერად უნდა გაიწვიოს, გააუქმოს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი, რათა გაუქმდეს დესტრუქციული ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მედიებზე და უნდა შექმნას სამართლებრივი გარემო, რათა დაცული იქნას შეკრების, გამოხატვის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. ეს არის არსებითი, ძირითადი შემადგენელი დემოკრატიული პროცესების. პოლიტიკურმა და სამთავრობო აქტორებმა არ უნდა შეუწყონ ხელი ან არ უნდა დახუჭონ თვალი რაიმე ფორმით ძალადობაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური აზრის გამოხატვას, მათ შორის მათ მიმართ, ვინც გამოხატავენ უკმაყოფილებას არჩევნების შედეგების მიმართ. ყველა პირი, რომელიც ჩაიდენს ძალადობრივ ქმედებას, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული და საპირწონედ მათი ქება-დიდება არ უნდა მოხდეს.
პარტიებმა, კანდიდატებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ თავიანთი ნება და მზაობა, რომ კანონს დაემორჩილებიან, მათ შორის არ უნდა მოხდეს ბოროტად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხელი აიღონ ძალადობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ეს ვალდებულებები გაჟღერებული უნდა იყოს ინდივიდუალურად, უნდა გაჟღერდეს ყველა ფორმით და ყველა დონეზე პარტიულ ადმინისტრაციებში - უნდა მოხდეს შიდა სანქციების გამოყენება, რათა ეს ყველაფერი აღმოიფხვრას.
მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ - მათ უნდა მიეცეთ ლეგიტიმური ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში ისე, რომ მთავრობა არ ერეოდეს, არ ავიწროებდეს თვითნებურად და არასათანადოდ არ აწესებდეს შეზღუდვებს.
სახელმწიფო უწყებებმა დეტალურად, სკრუპულოზურად უნდა აარიდონ თავი მუქარას ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შესაძლოა, დანახული იყოს როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევა მედია დამოუკიდებლობაში.
NDI-ის ორგანიზებული აქვს 250-ზე მეტი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ბევრ რეგიონში დედამიწაზე, მათ შორის 11 სადამკვირვებლო მისია საქართველოში 1992 წლიდან მოყოლებული“,- განაცხადა თამარა ქოფმან ვითესმა.