ეუთო/ოდირის განცხადება ძალიან კრიტიკულია, პირდაპირი მითითებაა დაშინებაზე, ძალადობაზე და იმაზე, რომ მოქალაქეები თავისუფალ ნებას ვერ გამოხატავდნენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები ქმნიან საფუძველს, რომ არჩევნების შედეგებს „კითხვის ნიშანი დაესვას“.
„საერთოდ, ეუთოს დასკვნები, ყველამ რომ იცოდეს, ყველაზე შეწონილია ხოლმე იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია. იქ წევრები სახელმწიფოები არიან. ამიტომ, უფრო რთულია მკვეთრი განცხადებების გაკეთება, მაგრამ ამის ფონზეც კი, ეუთო/ოდირის განცხადება არის ძალიან კრიტიკული. პირდაპირი მითითებაა დაშინებაზე, ძალადობაზე და იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები მათ შორის, საჯარო მოხელეები თავისუფალ ნებას ვერ გამოხატავდნენ. თუ სხვა ორგანიზაციების წინასწარ დასკვნებსაც შევადარებთ, ცალსახად ჩანს, რომ ამ არჩევნებში მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ ნება. პოლიტიკურ შეფასებას სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვერ გააკეთებენ. რაც მათ დაწერეს, ეს არის ის სისტემური, მასიური სახე დარღვევებისა, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. ეს გამოცდილებასთან ერთად საფუძველს გვაძლევს, რომ არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშანი დაესვას“,- განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა კოალიცია პარლამენტში შესვლას, დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი „საერთოდ არ არის რელევანტური“.
„დღეს პარლამენტში შესვლის საკითხი საერთოდ არ არის რელევანტური იმიტომ, რომ პარლამენტი გვექნება თუ არა არ ვიცით. ხუთი სვლის შემდეგ რა მოხდება, ვანგები ხომ არ ვართ რომ ვიმსჯელოთ?! დღეს რა საშუალებაც გვაქვს: პროტესტი, მიტინგი თუ სასამართლოში სირბილი, ყველა საშუალება უნდა ამოვწუროთ, რათა ხალხის ხმა დავიცვათ“,- აღნიშნა დოლიძემ.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე, ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა, რაც ბადებს ეჭვს, რამდენად შეეძლოთ მათ ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცათ.
ეუთო/ოდირის სპეციალური კოორდინატორის, პასკალ ალიზარდის თქმით, კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები.
მისივე განმარტებით, იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.
ამასთან, ეუთო/ოდირი იმედს გამოთქვამს, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება.