არჩევნები სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ საარჩევნო პროცესში რაიმე დარღვევა დადასტურდა, მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ იყოს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი დარღვევა, თუ ასეთი დადასტურდა, რეაგირების გარეშე არ იყოს. ჩვენ მუდმივად უნდა ვაუმჯობესებდეთ ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს. არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ეხება ეს, მაგრამ განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებს. 3 111 უბანი იყო და ფაქტობრივად არ იყო არათუ დარღვევა, სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ, სამაგალითოდ, მაღალ დონზე ჩატარდა, ორგანიზაციული კუთხითაც, მათ შორის ინოვაციების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდა წარმატებით, თუმცა ყველა ის ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, რეაგირებას საჭიროებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი ასევე უპასუხა საზოგადოებაში არსებულ პოლარიზებაზე დასმულ კითხვას და განაცხადა, რომ პოლარიზება გლობალური ტენდენციაა და „დღეს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის, სადაც პოლარიზაციის ხარისხი უფრო მაღალი არ არის, ვიდრე ადრე.“
„რამდენად დიდი არ უნდა მხარდაჭერა საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან სახელისუფლებო გუნდის, ჩვენ ვხედავთ, რომ რჩება უმცირესობა, რომელიც საკმაოდ პოლარიზებულია თავის პოზიციებში. მით უმეტეს მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი... პოლარიზება არ არის უცხო დღეს ქვეყნებისთვის. არ არის დღეს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პოლარიზაციის ხარისხი არ არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო ადრე. ეს არის გლობალური ტენდენციები. ამაზე ბევრი იყო საუბარი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მხარი არ დაგვიჭირა და განსხვავებული პოზიცია გააჩნია, ეს პოზიცია ექნება შეცვლილი შემდეგ წლებში, რადგან ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და პოზიციები იყო მართალი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"