მეთიუ მილერი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ყველამ პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს - ყველამ ნება იბოძოს და მტკიცებულება წარმოადგინოს, იქიდან ნასროლი განცხადებები შეურაცხმყოფელია საქართველოს საზოგადოებისთვის და ამას საქართველოს სახელმწიფო აღარ აიტანს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სურთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება იხილონ.
მისი თქმით, „საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის განცხადებები უნდა იყოს პარტნიორულ ფორმატში და არა ვასალური და კოლონიალური დამოკიდებულების ფორმაში“.
„მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივმართო, ეს იქნება მეთიუ მილერი თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, პატივი სცეს ყველამ ქართველი ხალხის არჩევანს. თუ ქართველი ხალხის ნებას პატივს არ სცემს, თანამდებობის პირი როგორიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, მის განცხადებას არანაირი ფასი არ ექნება. ყველამ ნება იბოძოს და მტკიცებულება წარმოადგინოს. იქიდან ნასროლი განცხადებები შეურაცხმყოფელია საქართველოს საზოგადოებისთვის და ამას აღარ აიტანს უკვე საქართველოს სახელმწიფო. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის განცხადებები უნდა იყოს პარტნიორულ ფორმატში და არა ვასალური და რაღაცა კოლონიალური დამოკიდებულების ფორმაში. დამთავრდა ეს დრო. ტყუილად ნუ შეიწუხებენ [თავს] და ტრიბუნასაც ნუ მოაცდენენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
გარდა ამისა მან საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „საერთაშორისო შეფასებები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგრამ ძალიან მცირე ხნის შემდეგ, აუცილებლად მოხდება ამის გადატვირთვა“.
„ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების შეფასებები, ამაზე რატომ არ არის კომენტარები ძალიან მაინტერესებს. თუ ეს ხალხი ქართველები იყვნენ და არ იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები? აბა, ეთქვათ ოპოზიციის სასარგებლო კომენტარები. დილიდან საღამომდე სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარებს დადებდნენ და თქვენც კითხვები გექნებოდათ ამაზე. უამრავმა, ათეულობით, ასეულობით საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელმა, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა არჩევნებს საარჩევნო უბნებზე, საზოგადოებას ესაუბრებოდა, ვერ დააფიქსირა ვერსად ვერანაირი ძალადობა, ვერანაირი დამუნათება და ა.შ. და შესაბამისად, ახლა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აქ იმყოფება არჩევნებზე და ამბობს, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა და უცხოეთიდან ვიღაც განცხადებას აკეთებს, რომ გაიმარჯვა პრორუსმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხყოფა. ზოგადად, ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს. ყველას, ვინც ასეთი განცხადება გააკეთა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს და ჩაიხედონ თავიანთ სავაჭრო ურთიერთობებში, ვინ უფრო მეტად არის რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების. ამიტომ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, ყველამ მოისვენოს თავის სახელმწიფოში და დაასვენოს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.