ჩვენ მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც ჰელსინკის კომისიას თურმე წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულებები - ნათელი მტკიცებულება კი არა, არც არა ნათელი და ბნელი მტკიცებულება არ გვინახავს! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძე მოითხოვს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა „ელემენტარული მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც რამე გაყალბდა, ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ“.
„მინდა გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო. ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ქართველი საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის იყო. მეორე, ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება. ამას დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას და ლეგიტიმაციის მიცემას ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ. ჰელსინკის კომისიამ თქვა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლების მოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ. ის, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ არჩევნებს აღმოჩნდა შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი და ასეთი განცხადების საფუძველი ჰელსინკის კომისიის მხრიდან საკუთარი ქვეყნის, აშშ-ს პრეზიდენტისადმი.
მაშინ, როდესაც თავად ეს კომისია გუშინვე ამბობდა, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ეს არის უმძიმესი ბრალდება. ჩვენ მოვუწოდებთ, იგივე სამოქალაქო საზოგადოებას - „ენჯეო“ სექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც ჰელსინკის კომისიას, თურმე წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულებები. ნათელი მტკიცებულება კი არა, არც არა ნათელი და ბნელი მტკიცებულება არ გვინახავს! ბნელი მტკიცებულება შეიძლება დავარქვათ ვაშაძის მიერ გავრცელებულ რაღაც „ფეიქებს“...
ელემენტარული მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც რამე გაყალბდა, თუ შეიძლება ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ. კეთილი ინებონ და ჩვენც წარმოგვიდგინონ, ან პროკურატურას წარუდგინონ, ან რომელიმე სხვა საგამოძიებო ორგანოს წარუდგინონ, ან გაასაჯაროონ და ქართულ საზოგადოებას წარუდგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი მხოლოდ ის იქნება, რომ ჰელსინკის კომისია იტყუება. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს. ისევე როგორც საქართველოს, ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე შეურაცხყოფას აყენებს საკუთარი ქვეყნის, აშშ-ს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. კერძოდ, იმ განცხადებით, რომლითაც მან დაგმო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ქართული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის შესახებ და ლეგიტიმაციის მინიჭების შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, „საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს“.