საქართველოს ეროვნული პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პლატფორმა შეშფოთებას გამოთქვამს კენჭისყრის დღის პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის, ამომრჩევლის დაშინებისა და ზეწოლის, აგრეთვე მოსყიდვის, საარჩევნო უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ გავრცელებული ცნობებისა და კადრების გამო.

მათივე მოსაზრებით, საარჩევნო კანონდარღვევების სანდო გამოძიების გარეშე შეუძლებელი იქნება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება და საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის ისტორიულ გზაზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ყურადღებით აკვირდება 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების გარშემო განვითარებულ პროცესებს.

პლატფორმა შეშფოთებას გამოთქვამს კენჭისყრის დღის პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის, ამომრჩევლის დაშინებისა და ზეწოლის, აგრეთვე მოსყიდვის, საარჩევნო უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ გავრცელებული ცნობებისა და კადრების გამო. მნიშვნელოვანი და მასობრივი დარღვევების შესახებ საჯაროდ ყვებიან ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საარჩევნო კომისიის წევრების თუ გარეშე პირების მხრიდან კანონდარღვევებს. დარღვევების შესახებ ცნობები ასახულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ეუთო/ოდირ-ის (OSCE/ODIHR), IRI და NDI-ის პირველად შეფასებებში.

ამასთან, უთანასწორო და პოლარიზებული საარჩევნო გარემოს შექმნას ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღებამ, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ მართვასთან, მათ შორისაა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კანონდარღვევების სანდო გამოძიების გარეშე შეუძლებელი იქნება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, ქვეყნის შიდა და გარე

პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება და საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის ისტორიულ გზაზე.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს, სწრაფად და ყოველმხრივ შეისწავლონ და გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები და საზოგადოებას მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიმართონ ძალისხმევა, რათა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება საარჩევნო დარღვევებზე.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება