ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 122-ე შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 122-ე შეხვედრა დასრულდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იყო.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, აღნიშნულის გარდა, საუბარი შეეხო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, მოკლული თანამოქალაქეების და ასევე ე. წ. გადასასვლელების საკითხებს.

,,დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლდათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრის უმეტესი დრო დაეთმო აღნიშნული საკითხის განხილვას. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო ინდიკატორებზე, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა, ძალიან აქტიურად დაგვიჭირეს მხარი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

გარდა აღნიშნულისა, ვრცელი დისკუსია შედგა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რამდენად დიდია დივერგენცია ფორმატის მონაწილეების პოზიციებში, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ გაჟღერდა პრინციპული პოზიცია, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არის ყველა იმ მძიმე ინციდენტის სათავე, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და კიდევ ერთხელ გაჟღერდა შეთავაზება, რომ ეს დესტრუქციული მოვლენა ჩანაცვლდეს თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობით, რაც არსებითად გააადვილებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურობას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგორის მიმართულებით არსებულ ე.წ. გადასასვლელსაც და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აღინიშნა, რომ აბსოლუტურად არასაკმარისია ის ათდღიანი პერიოდი, რა დროსაც იხსნება ე.წ. გადასასვლელი.

,,კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ აბსოლუტურად არ არის საკმარისი ის ათდღიანი პერიოდი, როდესაც ყოველი თვის ბოლო დეკადაში იხსნება ე.წ. გადასასვლელი. ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. გადასასვლელები ფუნქციონირებდეს ყოველდღიურ რეჟიმში, ვინაიდან, ეს არ არის ჩვენი ,,კაპრიზი“, არამედ, ეს არის ყოველდღიურობით განპირობებული გადაუდებელი აუცილებლობა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისათვის. წინასწარ მიძნელდება რაიმე შედეგებზე მოსაზრების გამოთქმა, ვიდრე არ მოხდება ჩვენი კონსულტაციების კონვერტირება რაიმე არსებით კონკრეტულ შედეგში.

რაც შეეხება განხილულ სხვა საკითხებს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ვიდრე არ მოხდება სამართლის აღსრულება, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებულ საკითხთა შორის ყოველთვის იქნება ჩვენი მოკლული თანამოქალაქეების საკითხი. არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მოსაზრებებზე, რაც გამოითქვა ფორმატის მონაწილეების მხრიდან, მათი პოზიცია ცნობილია და სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზეც მათ განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებიათ“, - განაცხადა ანთაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ცხრა მოქალაქე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 2025 წლის თებერვლის დასაწყისში გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია