საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ „ტალღის“ დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ „ტალღის“ დაარსების დღე აღინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა.

როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 64 წლის წინ დაფუძნდა. ჩამოყალიბების პროცესში, ინსტიტუტში გაერთიანდნენ ქართველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები - მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, მედიკოსები - რომელთაც შესამჩნევი წვლილი შეიტანეს ინსტიტუტის მძლავრ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტალღას“, ზაზა სოფრომაძის თქმით, ის 42 წლის წინ დაფუძნდა და მრავალმხრივ სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს. ინსტიტუტის ძირითად მიმართულებებად განიხილება: პარამაგნიტურ მდგომარეობაში მყოფი ძლიერად ანიზოტროპული მასალის მაგნიტური რელაქსაციის კვლევა, ნულოვანი და სუსტი გარეშე მაგნიტური მუდმივი ველის პირობებში; ასევე, ზოგიერთი შენადნობის - სხვადასხვა ნივთიერებებით ლეგირებული მასალების - ფიზიკო, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა და ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე უკვე მესამედ აღინიშნება. წელიწადში ერთხელ მეცნიერები გვიზიარებენ კვლევების შედეგებს, წარმატებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას. ამ ორ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, დაარსებიდან დღემდე, მრავალი პერსპექტიული მეცნიერი აღიზარდა. სასიხარულოა, რომ, დღეს, ვლადიმერ ჭავჭანიძისა და სხვა სახელოვან მეცნიერთა მიერ გაკვალულ გზას ღირსეულად აგრძელებენ მათი აღზრდილი მეცნიერები, რომლებიც, თავის მხრივ, ახალგაზრდა მკვლევრებს ზრდიან. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ინსტიტუტებმა მიიზიდონ მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და უნივერსიტეტს ასახელებენ. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ზაზა სოფრომაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა და სტუმრებმა დაათვალიერეს კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები, რომლებიც ერთ სივრცეშია განთავსებული.

ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორმა, პროფესორმა მედეა ბურჯანაძემ და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამაზ სულაბერიძემ, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება