ხატია წილოსანი საქართველოს დელეგაციისთვის კანადის ვიზებზე უარის თქმის შესახებ გიორგი კანდელაკის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

უმრავლესობის დეპუტატი ხატია წილოსანი ტყუილს უწოდებს გიორგი კანდელაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ ვიზებზე უარი უთხრა.

წილოსანის თქმით, საქართველოს დელეგაციის წევრებს მიღებული აქვთ კანადის ვიზები.

„ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა გიორგი კანდელაკმა, არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მე ვარ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში და შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს დელეგაციის წევრებს მიღებული აქვთ კანადის ვიზები. ამის შესახებ პირადად შემატყობინა კანადის საელჩოს წარმომადგენელმა. დღეს მქონდა მისგან სატელეფონო ზარი. დამიდასტურა, რომ ვიზები გაცემულია და შესაბამისად, მსგავსი არასწორი და დეზინფორმაციული ტყუილის გავრცელება რატომ შეიძლება შედიოდეს მის ინტერესებში, საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის გასაგები. და საერთოდ ასეთი ტიპის სიხარული, თუნდა ისე ყოფილიყო, რომ დელეგაციას ვიზა არ ჰქონოდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება რომ არის ამაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება.

ყველანაირად ცდილობენ დააზიანონ საქართველოს იმიჯი და ინტერესი. ამიტომ ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ინფორმაციები კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მათ განწყობებზე და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უკეთესი შესაძლებლობა ასეთი ტყუილების გამომჟღავნების შემდეგ შეაფასონ და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს პროგრესი და ქვეყანამ მაქსიმალურად უკან დაიხიოს განვითარების იმ გზაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. მათი განცხადებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კანადამ ნამდვილად მოგვცა ვიზები. ჩვენ და საქართველოს დელეგაციას მიღებული აქვს ვიზები“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა „იმედინიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ ვიზებზე უარი უთხრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება