ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების მიზნით, KIU-სა და ბავარიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ახალი თანამშრომლობა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხუბუამ ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის (BAdW) პრეზიდენტთან, პროფესორ - მარკუს შვაიგერთან და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ პრეზიდენტთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ - ვოლფგანგ ა. ჰერმანთან შეხვედრა გამართა.

„შეხვედრაზე ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებისა და სხივურ და ბირთვულ მედიცინაში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და BAdW-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა მარკუს შვაიგერმა. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება, კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაცვლითი პროგრამების შექმნა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი ხუბუამ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამეცნიერო თანამშრომლობისთვის.

თავის მხრივ, პროფესორმა მარკუს შვაიგერმა და პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა რექტორს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ახალი მემორანდუმის ფარგლებში KIU-ს გერმანიის სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოება, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური სამეცნიერო კვლევებისა და სამედიცინო სერვისების განვითარებას. ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მარკუს შვაიგერი სხივური და ბირთვული მედიცინის აღიარებული მკვლევარია და დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ ბავარიის მეცნიერებათა აკადემია დიდი ტრადიციების მქონე ავტორიტეტული სამეცნიერო დაწესებულებაა. ამჟამად, მასში გაერთიანებულია 300-ზე მეტი ცნობილი მეცნიერი. აკადემიის წევრები, სხვადასხვა დროს იყვნენ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ალექსანდრე და ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი, მაქს პლანკი, ალბერტ აინშტაინი, მაქს ვებერი, ვერნერ ჰაიზენბერგი და სხვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის