ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებათ, მათ შორის, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ადვოკატ ბექა ბასილაიაზეც

ადვოკატების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატზე, ბექა ბასილაიაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მათი უმეტესობა იზოლატორებში ადგილის არ არსებობის გამო შესახლების რიგში საპოლიციო მანქანებში იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თვალნათლივ ეტყობათ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვთ.

უფლებადამცველ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წუხელ, 9 აპრილის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როცა ნათესავის დაბადების დღეზე მიდიოდა.

„თეთრებში გამოწყობილი დააკავეს, პარლამენტის უკან ერთ-ერთ რესტორანში მივდიოდი, 9 აპრილით ავედი, წრე აღარ მოვარტყიო და დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ექიმიც, რომელიც ჰიმნის სიმღერის დროს აიყვანეს. ძალიან ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები“, - აცხადებს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ძმებიდან ერთ-ერთს ისეთი ფიზიკური დაზიანებები აქვს, რის გამოც, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, ის კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 150 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის