თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პროტესტის ნიშნად სწავლა შეწყვიტეს.

კერძოდ, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ პროფესორები და პედაგოგები უერთდებიან. ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი ჩერდება.

უფრო კონკრეტულად, დღეიდან შეჩერდა სწავლა კომაროვის სახელობის სკოლასა და წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლებში, რომლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილი არსებულ ვითარებას აპროტესტებს.

2 დეკემბერს სწავლა შეჩერებულია ნიუტონის თავისუფალ სკოლაშიც. „ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას“ - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სწავლა შეჩერდა მწვანე სკოლაშიც, რომლის ადმინისტრაციაც სოციალურ ქსელში წერს: „მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი, რათა დავიცვათ მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი - ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება“.

2 დეკემბერს სასწავლო პროცესი არ გაიმართება ასევე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ სკოლაშიც. „ღიად ვაფიქსირებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის და მმართველი პარტიისგან მოვითხოვთ შეწყვიტოს მისი ხელყოფა“, - წერს სკოლის ადმინისტრაცია.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა UG სკოლამაც, რომელიც აცხადებს, რომ მასწავლებელთა პროტესტის გამო სასწავლო პროცესს წყვეტს. აღსანიშნავია, რომ სწავლა შეჩერებულია საქართველოს უნივერსიტეტშიც.

2 დეკემბერს, პროტესტსა და გაფიცვას იუნკერთა სახელობის თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილიც უერთდება.

პროტესტი გაგრძელდა რეგიონებშიც - გაფიცულები არიან ზუგდიდის N5 საჯარო სკოლისა და ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლეებიც, რომლის გამოც საგაკვეთილო პროცესი სკოლაში დღეს შეწყდა.

აქციებს მართავენ მოსწავლეები ქუთაისშიც. ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ თბილისის სკოლების პროტესტს მხარს უჭერენ.

არსებულ მდგომარეობას მოსწავლეები აპროტესტებენ ფოთშიც, სადაც გაფიცულია რამდენიმე სკოლა. სწავლა შეჩერდა ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანისა და ახალციხის მე-6 საჯარო სკოლაშიც. მოსწავლეები ქუჩაში გამოვიდნენ ჩოხატაურშიც.

სკოლის მოსწავლეების პარალელურად, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქციებიც.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო