ჯო უილსონი - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა - მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს“.

„ნამდვილად შთამაგონებელია იმის ყურება, თუ როგორ განაგრძობს ქართველი ხალხი პროტესტს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად. ეს ერთგვარი ტრადიციის გაგრძელება გახლავთ, რაც წარსულში ბუქარესტში, აღმოსავლეთ გერმანიასა, ბუდაპეშტსა, თუ სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. გვახსოვს, როგორ წამოდგა მაშინ სრულიად საზოგადოება ფეხზე საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ, წინ აღუდგა ბოროტებას და თავისუფლებაც მოიპოვა. ხალხის ძალას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. საბოლოოდ, აუცილებლად თავისუფლება იმარჯვებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მომავლის დაცვის გზაზე წარმატებას მოიპოვებს და გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი“,- აცხადებს ჯო უილსონი.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, უილსონი ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის.

„ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად“, - განაცხადა ჯო უილსონმა.

რაც შეეხება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჯო უილსონი ამბობს, რომ დონალდ ტრამპიც „ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა“.

„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“,- აცხადებს უილსონი.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა