ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი - დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა - ასევე, ყველა დემონსტრანტს მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ, - საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა (პორტუგალია) განცხადებას ავრცელებს.

„ბოლოდროინდელი დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ოდირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ვიზიარებ. ასევე, ყველა დემონსტრანტს კანონის უზენაესობის პატივისცემით მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ჩემი მოწოდებაა, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყოს. ამავდროულად, იმის ხაზგასმით, რომ პოლიცია ვალდებულია დემონსტრანტების წინაშე თავშეკავება გამოიჩინოს, მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტებს მოუსმინოს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცეს“, - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი.

ლუის გრაჩა ყველა მხარეს კონსტრუქციულ დიალოგისკენ მოუწოდებს.

„როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია აღნიშნული, არჩევნები ღრმად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა, რასაც დღესაც ვხედავთ. ყველას მოვუწოდებ, რომ ეუთო/ოდირის მომავალი საბოლოო ანგარიში გაითვალისწინონ და ასევე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ჩაერთონ“, - აღნიშნავს გრაჩა.

მისივე თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დიალოგის ხელშეწყობის მიზნით დახმარებისთვის მზად არის.

„ქართველი ხალხი მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებს და ჩვენი ასამბლეა ამ მიზნის მიღწევის მცდელობების მხარდაჭერის ერთგული რჩება“, - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი