მამუკა მდინარაძე - ჟურნალისტზე ამ ფორმით თავდასხმა არის ამორალური, ის პირები არ არიან პოლიციელები, არც სპეცრაზმის წევრები, არც ჩვენი აქტივი - ჩემი აზრით, ეს იმის გაკეთებულია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება

ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ჩვენი აქტივის წევრები, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

მდინარაძის აზრით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა.

„მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, წლების განმავლობაში, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმდენ "ფეიქს" აკეთებდა ჩემზე, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან. თუ ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიაზე და მსგავს რაღაცებზე ვილაპარაკოთ, არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამაზრზენი და ამორალური. ეს იმის გაგრძელებაა, სხვები რომ ვერ ბედავენ, მისივე კოლეგები, რომ ამორალური უწოდონ ჟურნალისტზე თავდასხმას. მართალია იქ ფიზიკური არ ყოფილა ასეთი, რომ კისერი გადაეგრიხოს ვიღაცას და გადაეგდოს გვერდზე ქალი ჟურნალისტი, რაც მართლა ამორალურია, მაგრამ იქ რომ როცა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოჰყვება ალბათ. რაც შეეხება იმას, რომ ატეხეს ამბავი, "ფეისბუქში" შევიხედე და უკვე მივხვდი საითაც მიჰყავთ. მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ყველას ველაპარაკე, ვისთანაც კი შემეძლო ლაპარაკი, არც ერთი არ არის არც პოლიციელი, არც სპეცსამსახურის, სპეცრაზმის წარმომადგენელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ ასევე, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, 99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის გაღვიძებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში მდინარაძემ მიმართა შესაბამის ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ყველაფერი.

„მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება ვისაც აწყობს არეულობა? წეღან სიმშვიდეზე ვლაპარაკობდით, ვის აწყობს ახლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა? ეჭვი თუ გინდათ, ოღონდ საფუძვლიანი ეჭვი, ეს იმის გაკეთებულია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ. ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ 1%-ც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა, არის მავნებელი ჩვეულებრივი. 1%-ც რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ ახლა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით ჰგონია, რომ რაღაცა ვითომ ან "ოცნებისკენ" ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა პირიქით, მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. შედეგს გეტყვით ახლა, ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამ ფაქტზე, არაფერი აღარ იქნება ახლა, აღარც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ, არაფერი დააინტერესებთ. მივეჩვიეთ ამას ხომ? - ძალადობის დაგმობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი. ვითომ ეს ძალადობა ვინმეს ინიცირებული იყოს. ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ სახეში წიხლებს ურტყამდნენ ადამიანს, რომელიც წაქცეული იყო, ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაარტყა თუ როგორც იყო. ეს ორი ფაქტი იყო განსაკუთრებით ცუდი სანახავი და ასევე ამორალური, რაც იმ შემთხვევაში აზიანებდა მისივე კოლეგების იმიჯს, მაგრამ ამის გარდა, ახლა ვიღაცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა, თუ ვინმეს რამე უნდა შეაფასოს და ვიღაცა ისეთის გაკეთებულია, რაც მართლა პროცენტზე ნაკლები შანსია რომ იყოს, მაგრამ რეალურად 99%-იანი შანსია, მე მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია ვისაუბრო, უფრო დაბეჯითებით ვერაფერზე, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე მინიმუმ ერთკვირიანი საქმეები გააღვიძოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა