ევროკავშირის ელჩი - საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს - გამაოგნებელია, რომ ჯერ კიდევ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა

საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვინც ყოველ საღამოს ქუჩაში გამოდის, არა მარტო თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, შემდეგია: იმედი არ დაკარგოთ, თქვენი ხმა გვესმის! ბევრი მათგანის მიმართ, ქალების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ ამდენი ძალადობა და სისასტიკე შოკისმომგვრელია. დღეს დილით უფლებადამცველებს შევხვდი. მათ საშინელი, შოკისმომგვრელი სცენები აღწერეს, თუ როგორ სასტიკად ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ. მათი თქმით, ეს წამების ტოლფასია. ამ საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ნამდვილად გამაოგნებელია, რომ პოლიცია, საიდუმლო სამსახური და კრიმინალური დაჯგუფებები ორი ღამის წინ თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და ჯერ კიდევ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩმა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მთავარი პრინციპებია. სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული ევროკავშირი, ამიტომ ჩვენ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ძალადობას ვგმობთ. ეს სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი მედიის წარმომადგენლებისკენაა მიმართული. მე პირადად შოკირებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა სასტიკად სცემეს ქართული დროშების ფრიალის გამო. ეს მართლაც უაღრესად დამამწუხრებელია და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ძალადობის ეს უპრეცედენტო დონე სასწრაფოდ შეწყდება“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს. „ნებისმიერი სახის ძალადობას ვგმობ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მაგრამ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, დამატებითი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან პოლიცია და უსაფრთხოების ძალები უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, რომელიც მიმართულია ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო