გიორგი შეწირული - გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ და იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე და ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ

გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ, ვიქნები იქ, სადაც ისტორია იწერება და სწორედ იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც ჩვენზე, მედიის წარმომადგენლებზე და თქვენზე, ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, კლინიკიდან გაწერეს, თუმცა სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ტვინის შერყევა, თავზე სამი ჭრილობა, ასევე ხერხემლისა და სხეულის ტკივილი.

„გუშინ საღამოს გამომწერეს, აღმენიშნება ტვინის შერყევა, თავზე სამი ჭრილობა, ხერხემლისა და სხეულის ტკივილი. თუმცა, დაზიანებები უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამივლის და ჩემს საყვარელ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ. ახლა კი მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და უცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩემ მიმართ აუარებელ ყურადღებას გამოხატავდით. სამწუხაროდ, ყველას პასუხი ვერ გაგეცით, მაგრამ თქვენი მოწერილი თითოეული "მესიჯი" წავიკითხე და გული სითბოთი ამევსო. თქვენგან იმხელა ენერგია, მუხტი და სიყვარული მივიღე, რა შემაშინებს. გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ, ვიქნები იქ, სადაც ისტორია იწერება და სწორედ იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც ჩვენზე, მედიის წარმომადგენლებზე და თქვენზე, ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში მივიღე. ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, ერთად ყოველთვის ძლიერები ვართ.

პ.ს. ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება! საქართველო არ გარუსდება, რეჟიმი კი ვერ გაგვტეხს!“, - წერს გიორგი შეწირული „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. აღნიშნულის შემდეგ თბილისსა და რამდენიმე ქალაქში მედიის სოლიდარობის აქციები გაიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი