„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებული ორგანიზებული ძალადობის და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ფონზე აღინიშნება

„დემოკრატიის კვლევის ცენტრმა“ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

ორგანიზაციის ცნობით, 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულმა უკიდურესად დამძიმებულმა მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.

მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემური ძალადობა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს და შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში.

„ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციის მონაწილეთა დაშლისა და დაკავების პროცესში გამოყენებული საპოლიციო ძალადობა საქართველოს სახალხო დამცველმა წამებად დააკვალიფიცირა. დემონსტრაციების დარბევისას გამოყენებულმა სისტემურმა ძალადობამ, ძალადობის მკაფიოდ ორგანიზებულმა ხასიათმა, დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმემ, ლოკაციამ და ხასიათმა შექმნა სარწმუნო მტკიცებულებები, რომ პოლიცია ძალადობრივ მეთოდებს აქციების მონაწილეთა დასასჯელად იყენებდა. ძალადობის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის უმოქმედობამ და სასამართლოს გულგრილობამ დაკავებულებზე წამების და არაადამიანური მოპყრობის თვალსაჩინო ნიშნების მიმართ, წამების და არაადამიანური მოპყრობის სახელისუფლებო ანგარიშსწორების იარაღად გამოყენების შესახებ მოსაზრება გაამყარა.

საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებამ უკიდურესად შეზღუდა კრიტიკული მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის სივრცე რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და მედიის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიით.

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ფუნდამენტი გამოაცალა: 2024 წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რუსული კანონი) კანონპროექტის განმეორებით ინიციირებამ და მასობრივი სახალხო პროტესტის ფონზე მიღებამ; მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციების არაპროპორციული საპოლიციო ძალით არაერთხელ დაშლამ, რამაც ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაზიანება გამოიწვია; არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ წარმოებულმა ორკესტრირებულმა ძალადობამ და დაშინების კამპანიამ; წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო უწყებების მიერ ადამიანების პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა; კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის და საარჩევნო პროცესის იმდენად ფართოდ გავრცელებულმა დარღვევამ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი; ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ძალების მიერ შეკრების მონაწილეთა დაკავებისას და დაკავების შემდეგ განხორციელებულმა წამებამ, არაადამიანურმა და დამამცირებელმა მოპყრობამ; დაკავებულებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევამ და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულმა სისტემურმა და ორგანიზებულმა ძალადობამ.

ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემური ძალადობა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს და შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში“,-აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ სრულად.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი