მამუკა მდინარაძე - ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დადება მორიგი მავნებლობა იქნება, ამაზე საუბრის მიზანია ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს - ევროპა შანტაჟის იარაღი ვერ იქნება

როდესაც მათ 16-20 დეკემბრისთვის პოლიტიკური ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს, ჩვენ დავასწარით და 28 ნოემბერს ამ ყველაფრის დამზღვევი და მაპრევენცირებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, „სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელისგან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი პოლიციელების წინააღმდეგ, რაც აღმაშფოთებელი და უსაფუძვლოა“.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დადება „მორიგი მავნებლობა იქნება“.

„მორიგი მავნებლობაა, რომლის საბოლოო შედეგიც 16-20 დეკემბერს უნდა მიეღოთ. როდესაც მათ პოლიტიკური ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს 16-20 დეკემბრისთვის, ჩვენ მათ დავასწარით და 28 ნოემბერს ამ ყველაფრის დამზღვევი და მაპრევენცირებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, შანტაჟის იარაღად ევროპის ფაქტორს ვერავინ გამოიყენებს. იმიტომ, რომ ევროპა არ არის შანტაჟი, ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით შექმნილი სახელმწიფოთა გაერთიანება და საქართველო არის ევროპა, აი, ამ ფასეულობების გათვალისწინებით და არა მათ გარეშე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ზუსტად ამას ვგულისხმობ და ევროპა ვერ იქნება ვინმეს ხელში გამოყენებული, როგორც შანტაჟის იარაღი. ამის დაზღვევა, პრევენცია მოვახდინეთ, ამაზე ძალიან დარდობენ ვიღაცები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვებოდიშებით ჩვენს საზოგადოებას, რომ „უკაცრავად განერვიულებთ, მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზული [რამის] პრევენცია მოვახდინეთ“. მათ შორის, ეს ბოლო დღეებში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალურ სანქციებზე საუბრის მიზანია, რომ „საქართველოში ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს“.

„საკითხები, რომლებიც თავიდანვე იციან, რომ განწირულია მარცხისთვის, თუ მაინც დგება დღის წესრიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ პიარული თვალსაზრისით აქვს დატვირთვა იმისათვის, რომ საქართველოში ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს. აქ მიზანია აბსოლუტურად სხვა. სხვებთან შედარებით გახარიამ ყველაზე მკაფიოდ აღიარა, რომ ისინი ცდილობენ ტრამპის ინაუგურაციამდე რაღაც პირველი ფაზა მორჩეს. მგონი, დასკვნები რთული გამოსატანი არ არის. ვერც პირველ ფაზას მორჩებიან და ვერც მეორეს. მათი გეგმები ყოველთვის ასე წყალწაღებული იქნება, როგორც დღეს არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი