ადვოკატი - დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით ვატო  ბჟალავას და ვერ ვპოულობდით - მის მიმართ იყო ძალადობა

დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით ვატოს და ვერ ვპოულობდით - მის მიმართ იყო ძალადობა, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევრის, ვატო ბჟალავას ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვატო ბჟალავას განყოფილებაში ყოფნის დროს პოლიციელმა სახეში ხელი ორჯერ დაარტყა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულს ფეხიც ჩაარტყეს წვივის არეში, სადაც აღენიშნება კიდეც დაზიანება და აქვს სილურჯე.

„დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით ვატოს და ვერ ვპოულობდით, რაც სისტემური პრობლემაა, ვინაიდან, არ გვეუბნებიან სად იმყოფებიან დაკავებულები. ვეძებთ მთელი ქალაქის მასშტაბით.

რაც შეეხება უშუალოდ ვატოს, ვატოს მიმართ იყო ძალადობა. როდესაც დააკავეს, მიიყვანეს განყოფილებაში, იქ შევიდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ტელეფონზე მოეხსნა პაროლი და ეთქვა თუ რა დაჯგუფებებში იღებდა მონაწილეობას აქციებზე. ამ დროს სახეში ხელი ორჯერ დაარტყა და ფეხი ჩაარტყა წვივის არეში, სადაც აღენიშნება კიდეც დაზიანება, აქვს სილურჯე. სახეზე ჯერჯერობით დაზიანება არ ემჩნევა, თუმცა შეიძლება დროის გასვლის შემდეგ დაემჩნეს, რადგან ძლიერად მოხვდა ორჯერ ხელი", - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

მისივე თქმით, დაკავებისას ბჟალავას ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ძაღლს ასეირნებდა და სახლში მისი აყვანის საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს და ძაღლი იქ არსებულ სუპერმარკეტთან დატოვეს მიბმული.

„თავიდან ვატოსაც ეგონა, რომ სისხლის სამართლის წესით დააკავეს, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე ესაუბრებოდნენ. ვატო დაკითხულია სასამართლოშიც, მისცა ჩვენება ჩვეულებრივად და ამის შემდეგ მოხდა ეს ამბავი.

ვატო არის მკვლევარი, აქციებზე დადის როგორც ჟურნალისტი, იღებს უფლებების დარღვევებს, მათ შორის, ჰქონდა ჟურნალისტის „ბეიჯიც", ამიტომ იგი თავად ამ აქციებზე მიმდინარე მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, არამედ ასახავს იქ არსებულ ვითარებას და შემდეგ სოციალურ ქსელში აზიარებს. ამიტომ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ არანაირ სამართალდარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია, სისხლის სამართლის კუთხით ვეღარ წაიყვანეს საქმე და, როგორც ჩანს, დაკავების მიზეზი რომ გაემართლებინათ, შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თითქოს იგი პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა ნახეთ ვიდეომასალა, როდესაც მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი და უთხრეს, რომ უნდა წაგიყვანოთო, ჩვეულებრივად გაჰყვა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ძაღლს ასეირნებდა და სახლში მისი აყვანის საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს და იქ არსებულ სუპერმარკეტთან დატოვეს ძაღლი მიბმული", - ამბობს გიორგი ტაბატაძე.

ადვოკატის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საქმის კურსშია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც.

ცნობისთვის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა მეგობარმა, აქტივისტმა ნათია ჩიქოვანმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

მისივე ინფორმაციით, ბჟალავა სასამართლოშიც იყო დაბარებული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო