GCCA-იმ აგრესიული კომერციული საქმიანობის გამო სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს ჯარიმა დააკისრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრ შპს “მედ სტატუსს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის - აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას.

როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით, ისე რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და ასევე თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას.

„GCCA-ის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლის ნებაზე არასათანადოდ ზემოქმედებდა. კანონმდებლობის შესაბამისად, არასათანადო ზემოქმედებად განიხილება ყველა ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებასთან ან მუქარასთან, თუმცა, ზღუდავს მომხმარებლის უნარს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც არ შესრულდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „მედ სტატუსი“ 6576 ლარი და 43 თეთრით დაჯარიმდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო