კახა კალაძე - მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად - ასევე, შევისყიდეთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსიც

მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიამ დამატებით შეისყიდა 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონის შესაძენად.

„დასრულდა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელის საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზას კი ჩაუტარდა კაპიტალური შეკეთება. დამატებით შევისყიდეთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. შესაბამისად, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება. გარდა ამისა, დასრულდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად. 2024 წელს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობამ შეადგინა 320 მილიონი. ასევე, 2019 წელთან შედარებით, 4.5-ჯერ გაიზარდა მიკროავტობუსებში მგზავრობა და 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრობამდე ავიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამონტაჟდა 68 შუქნიშნის ობიექტი, საერთო ღირებულებით 10 295 504 ლარი.

„მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2024 წლის თებერვალში დასრულდა აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის კვლევა, რომელმაც დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის დაკავშირების საუკეთესო ალტერნატივად ხიდი დააიდენტიფიცირა. დასრულდა მუშაობა დიზაინის კონცეფციაზე, შემდეგი ეტაპია დეტალური დიზაინის მომზადება. თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რომელიც „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა/მოდერნიზაციას ისახავს მიზნად, დასრულდა კვლევითი სამუშაოები. 2024 წლიდან დაიწყო საბოლოო დიზაინის შექმნა და მუშაობა „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის ტექნიკურ დეტალებზე, შემდგომ ეტაპობრივი შესყიდვები და დანერგვის სამუშაოების განხორციელება საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც მოხმარდება თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების შესყიდვასა და დანერგვას. დაგეგმილი აქტივობების შედეგად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის, მათ შორის, საცობების რეალურ დროში მართვის შესაძლებლობა, დაინერგება შუქნიშნებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გადაუდებელი დახმარების მანქანების ავტომატური პრიორიტეტიზაციის სისტემა, მოხდება ჰაერის დაბინძურების შემცირება საგზაო ნაკადების ეფექტურად მართვის გზით. პროექტის დასრულება იგეგმება 2026 წელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, 2024 წელს ტაქსით გადაყვანის A კატეგორიის ნებართვის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საცნობი ნიშნები, ასევე, მოტოციკლებს და მოპედებს მიეცათ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის უფლება. გარდა ამისა, საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ფარგლებში, ოთხ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაუმტკიცდა მარშრუტები, რომელთა მიხედვითაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, მოსწავლეები საავტობუსო ზოლის საშუალებით გადაიყვანონ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის