ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა (TUM) ახალ, უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა, რაც KIU-ს, როგორც სწავლების, კვლევებისა და ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას და, ამ პროცესში, TUM-ის უფრო აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი ხუთი წლის ვადით გაფორმდა და დოკუმენტს ხელი KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და TUM-ის პრეზიდენტმა, პროფესორმა თომას ჰოფმანმა მოაწერეს.

„შეთანხმების ფარგლებში, სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ, უფრო მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. კერძოდ, TUM-ი აქტიურად ითანამშრომლებს KIU-თან ისეთი საკვანძო მიმართულებებით, როგორებიცაა: უნივერსიტეტის პოზიციონირების გაუმჯობესება გერმანიასა და ევროპაში; საერთაშორისო სტუდენტური და სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი პროგრამების, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო კურსებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების განხორციელება; უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა შორის თანამშრომლობის გააქტიურება; KIU-ს მეწარმეობის ცენტრის შექმნა; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება, მათ შორის, ჯანდაცვის მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებებით და სხვა.

აღსანიშნავია, რომ TUM-თან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის საქმეში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო მეგა-პროექტს წარმოადგენს. KIU დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებული ერთადერთი საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) 1868 წელს დაარსდა და ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს სწავლების, კვლევებისა და მეწარმეობის სფეროებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა