მიხეილ ყაველაშვილი - 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად

2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართველი ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება.

„ძვირფასო დიპლომატებო, მოგეხსენებათ საქართველო მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით და ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის და ჩვენს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის. ქვეყნის როგორც საშინაო ისე საგარეო კუთხით არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ. დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ახლაც მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები. ნებისმიერ დროს ჩვენი ქვეყანა მზად იქნება იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გარდა ამისა, ყაველაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ მათ აქვთ მოლოდინი, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები თანამშრომლობის ყველა მიმართულებით სათანადოდ აისახება.

„ისეთივე ურყევი და მტკიცეა, ასევე ჩვენი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები. გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის