პატრიარქის ეპისტოლე - ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი - ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა, საკუთარ თავზე  მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა - ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც პატრიარქი ეპისტოლეში ამბობს, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ.

„ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს.

ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.

ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.

ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა, - „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, ... როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13.34).

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, - გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას.

„მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს” (იოანე 10,9) - გვასწავლის იესო ქრისტე“, - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში