„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს - ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება

­

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“.

„ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე - უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიჩნევს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, „რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება.

„როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა - „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.

„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.

იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში - ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო