პრემია „დურუჯის” ლაურეატებმა ლაშა პაპაშვილს ჯილდოები დაუბრუნეს

თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელსა და პრემია „დურუჯის“ დამაარსებელ ლაშა პაპაშვილს წერილით მიმართეს და სხვადასხვა დროს მიღებული პრემიები დააბრუნეს.

მათ საკუთარი ჯილდოები „რედიქსის“ ოფისში მიიტანეს.

„დურუჯის“ ქანდაკებები დააბრუნეს შემდეგმა ხელოვანებმა: დავით გაბუნია; მიხეილ ჩარკვიანი; სანდრო ნიკოლაძე; გია სურმავა; თორნიკე გოგრიჭიანი; დათა თავაძე; ნატუკა კახიძე; ალექს ჩიღვინაძე; თამთა ელაშვილი; ქეთა შათირიშვილი; დათო საყვარელიძე; ლაშა ბუღაძე; კახა კინწურაშვილი; თამრი ოხიკიანი; გეგა გაგნიძე; პაატა ციკოლია; ოთარ ქათამაძე; ნინო კასრაძე; ნანკა კალატოზიშვილი.

„ჩვენ მოვისმინეთ 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასული თქვენი ინტერვიუ, რომელიც სავსეა აზრსა და სიმართლეს მოკლებული განცხადებებით. თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურად და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა. სინამდვილეში, ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართული თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია.

დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ თქვენი ინიციატივით იმართებოდა წლების განმავლობაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და აღნიშნავდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მწვავე სოციალური თემატიკით, ფორმისეული სიახლითა და პოლიტიკური გამბედაობით. ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო და სასიხარულო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ, სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება. ჩვენი ორი კოლეგა ახლაც პატიმრობაშია და განაჩენს ელოდება.

მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ.

პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია.

ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტსაც ახლა ვაგროვებთ, რათა გადავრიცხოთ გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში.

საქართველოს მომავალი ევროპაშია! არა მოძალადე რეჟიმს! მოვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს! თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! პრემია „დურუჯის“ ლაურეატები“, - ნათქვამია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის