მოსამართლემ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი "მონებო", "რუსებს" სკანდირებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ასევე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება. როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 1000, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდნენ, ადვოკატების ნაწილი კი გირაოს ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს ანდობდა.

პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურორები განმარტავდნენ, რომ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, რისთვისაც ბრალდებულებს თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა, ხელი შეეშალათ.

სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა. ნაწილმა მათგანმა სიტყვითაც ისარგებლა. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე ორ წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი