თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა იმ დარბაზში, სადაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს, ადვოკატებისთვის დამატებითი მაგიდა მიიტანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა იმ დარბაზში, სადაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ადვოკატებისთვის დამატებითი მაგიდა მიიტანეს.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ის დაცვის უფლებას ჯეროვნად ვერ ასრულებდა, რადგან ადვოკატები მაგიდასთანაც კი კარგად ვერ ისხდნენ.

სხდომათა დარბაზში მაგიდის შეტანას დაკავებულების ოჯახის წევრებისგან ტაში და სიცილი მოჰყვა.

ამ წუთებში სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით გრძელდება. პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს.

პროკურორები შუამდგომლობაში ასაბუთებენ, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულებმა კი შესაძლოა, თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოძიებას ხელი შეუშალონ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება