რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, აეროპორტების ნაწილი დროებით დაიხურა

რუსეთის ტერიტორიის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, დრონის თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა. ეს ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა, თუმცა არ დააკონკრეტა რომელი ობიექტი დაზიანდა.

„უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად ენგელსში დაზიანდა სამრეწველო ქარხანა. საგანგებო სიტუაციების და ოპერატიული სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ენგელსის რაიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ისაევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

რუსული „ტელეგრამ“ არხები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა ყაზანში, რის შედეგადაც „ყაზან ორგსინტეზის“ ქარხნის მიდამოში დიდი ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონი არა თავად ქარხანას, არამედ თხევადი აირის საწყობს მოხვდა.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, „ყაზან ორგსინტეზი“ რუსეთის ქიმიური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა. იგი აწარმოებს ეთილენის პოლიმერებს, პოლიკარბონატებს, ეთანოლამინებს და ა.შ.

რეგიონის ხელმძღვანელმა, რუსტამ მინიხანოვმა თავდასხმის ფაქტი მოგვიანებით დაადასტურა.

დრონებით მასიური თავდასხმის შესახებ იუწყება რუსეთის ფედერაციის ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევიც.

ამასთან, რუსეთის ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 17 დრონი ჩამოაგდო და არანაირი დაზიანება ან ნგრევა არ დაფიქსირებულა.

დრონებით თავდასხმა განხორციელდა ბრიანსკის ოლქზეც. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ ყველა დეონი გაანადგურა.

„როსავიაციის“ ინფორმაციით, დროებით დაიხურა პენზას, ულიანოვსკის, ყაზანისა და სარატოვის აეროპორტები. ასევე დაიხურა კალუგას და ტამბოვის აეროპორტები. თუმცა, მოგვიანებით, შეზღუდვები მოიხსნა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო