თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნაში ბრალდებული, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. სხდომას ალეკო ელისაშვილიც ესწრება. როგორც მან პროცესზე აღნიშნა, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ალეკო ელისაშვილმა „აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში არაერთი მტკიცებულება არის, სადაც სრულყოფილად ასახულია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ძალადობის ფაქტი. ზვიად გუბელაძის თქმით, მომხდარის მოტივი არის პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც დაზარალებული ალი ბაბაევი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

„ობიექტური პირი, ვინც ამ ვიდეო-ჩანაწერს ნახავს, დარწმუნდება, რომ ეს თავდასხმა იყო ცალმხრივი. ალექსანდრე ელისაშვილი ზურგის არიდან დაესხა თავს დაზარალებულს, მას ჯერ მიაყენა სიტყვიერი და შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

„დაზარალებულის ჩვენების გარდა, მტკიცებულება არ არსებობს. პროკურატურას არ აქვს შეფასებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ე.წ. დაზარალებულის ქმედება ალეკო ელისაშვილის მიმართ, დაკავების დროს ძალადობის მდგომარეობა და საერთოდ ეს საქმე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს, იმიტომ, რომ მტკიცებულება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს, საქმეში არ არის.

როგორ შეუძლია პროკურორმა თქვას, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, როცა ხმა არ აქვს ვიდეოს და პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, როგორ ამოიცნო უხმო ვიდეოში, ცოტა გასაკვირია“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო