საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ სოფიო ბლიაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ სოფიო ბლიაძის გარდაცვალების გამო, ოჯახს, კოლეგებსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„49 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლის კავალერი, 2003-2006 წლებში ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიატი სოფიო ბლიაძე. არაჩვეულებრივი ადამიანი და შესანიშნავი პედაგოგი, - ასეთი დარჩება ჩვენს ხსოვნაში სოფიო ბლიაძე, კოლეგა, რომელმაც, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, აღზარდა ცნობილ და წარმატებულ სპეციალისტთა არაერთი თაობა და დაიმკვიდრა განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული მეცნიერისა და მკვლევრის სახელი.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, მურმან ბლიაძეს, შვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ სოფიო ბლიაძის მეუღლეს, ოთხ შვილს, შვილიშვილს, ახლობლებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო ბლიაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფინანსებისა და კრედიტის" სპეციალობით კურსდამთავრებულია. მან 2002 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2002-2007 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ფილიალის დირექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება