ქეთევან თურაზაშვილი - „იმედი“ ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ვუყურებ, როგორ გაქრა ერთ დროს მართლაც ობიექტური ტელევიზია და როგორ გადაიქცა პროპაგანდისტულ მანქანად

„იმედი“ ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ვუყურებ, როგორ გაქრა ერთ დროს მართლაც ობიექტური ტელევიზია და როგორ გადაიქცა პროპაგანდისტულ მანქანად, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც თურაზაშვილი აღნიშნავს, ის ელოდა, რომ ტელეკომპანია „იმედის” მფლობელის ირაკლი რუხაძის ინტერვიუს შემდეგ ამავე ტელევიზიის რომელიმე თანამშრომელს გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა და დაუპირისპირდებოდა თავის ხელმძღვანელს.

ქეთევან თურაზაშვილი „იმედის” თანამშრომლებს მიმართავს და სიმართლის დანახვისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ორი დღე გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის ინტერვიუს გასაჯაროებიდან. ორი დღე ველოდი და მჯეროდა, რომ არხის რომელიმე თანამშრომელს მაინც, გაუჩნდებოდა პროტესტი და დაუპირისპირდებოდა რუხაძის სამარცხვინო აღიარებას - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ტელეკომპანია „იმედსა“ და „იმედში“ დასაქმებულ ჟურნალისტებზე.

„იმედი“ ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ვუყურებ, როგორ გაქრა ერთ დროს მართლაც ობიექტური ტელევიზია და როგორ გადაიქცა პროპაგანდისტულ მანქანად. ეს არხი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ „იმედში“ ვიმუშავე 7 წელი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მათ შორის რუხაძის მმართველობის პერიოდში (თუმცა, ინტერვიუს მიხედვით მას ეს არ „ახსოვს“ და არც ის იცის „ბატონი“ ვარ თუ „ქალბატონი“), არც ერთი მენეჯერის მხრიდან, მსგავსი აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ არ მინახავს, ბატონმა რუხაძემ გვაჩვენა რომ იოტისოდენა პატივისცემაც კი არ გააჩნია საკუთარ არხზე დასაქმებული ჟურნალისტების მიმართ.

მივმართავ ჩემს ძველ კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან არხზე, „იმედში“, ამ ბინძური პროპაგანდისტულ მაუწყებელში მუშაობა უპატიებელია.

თქვენი მედია მენეჯერი კი ყურების ღირსადაც არ გთვლით, ყოველდღიურ რეჟიმში თავად „CNN-ს და BBC-ს უყურებს“ , თუმცა როცა „რამე განსაკუთრებული ხდება, რეკავს მაკა ლომიძესთან და არკვევს ეს ასე რატომ, რატომ არა და ა.შ...“ დაუფიქრებლად დაბლოკავს მომზადებულ სიუჟეტს. მას არც თქვენი საქმე, არც კოლეგა მეგობრები, არც ტკივილები და არც თქვენი პროფესიული სტანდარტები და გამოცდილება აინტერესებს, მაშინ დახურავს არხს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის, მაგ: „ნაცების საფრთხე რომ ჩაივლის“. რეალურად, მას ნაცების დაბრუნების არ „ეშინია“, არამედ ემსახურება „ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმის სამუდამოდ დარჩენას ხელისუფლებაში, სამაგიეროდ განაგრძობს „ლიბერთი ბანკის“ ხელით პენსიონერების დაუსრულებელ ძარცვას.

რუხაძე და „ქართული ოცნება“, „იმედის“ თანამშრომლებს გაკარგვინებთ სახეს, გაკარგვინებთ თქვენთვის უმნიშვნელოვანეს პროფესიას და ამ პროფესიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრინციპებს - ინფორმაციის სიზუსტეს, ობიექტურობას, მიუკერძოებლობას, ორმხრივობას. ნუთუ პროპაგანდისტულ არხზე მუშაობაზე ოცნებობდით ის ხალხი, ვინც 2012 წლამდე იბრძოდით სიტყვის თავისუფლების, სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის. ნუთუ „ოცნების“ პროპაგანდისტობა იყო იმ ადამიანების პროფესიული ამბიცია, ვინც ღიად უპირისპირდებოდით ძალადობას და იბრძოდით მის წინააღმდეგ. თუ აქამდე ვერ მოახერხეთ, ერთხელ მაინც ყურადღებით მოუსმინეთ თავიდან ბოლომდე რუხაძის „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუს და გახსოვდეთ, რომ სიმართლის დანახვა და მასზე რეაგირება გვიანი არასდროს არაა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება