სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირის, რუსეთის მოქალაქის პროცესი მიმდინარეობს, რომლის ოჯახიც დაკავებას აქციებში მონაწილეობას უკავშირებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირის, რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება, რომელმაც აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც ანტონ ჩეჩინმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში დაახლოებით სამი წლის წინ, საცხოვრებლად ჩამოვიდა.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა ანტონ ჩეჩინის მეუღლემ, მანანა სამხარაძემ. მისი თქმით, მის მეუღლეს ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ აქვს და პოლიციამ ის რეალურად, რუსეთსა და საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობის გამო დააკავა.

როგორც მანანა სამხარაძემ განმარტა, ანტონ ჩეჩინი იყო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი და რუსეთში საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. მისივე თქმით, ანტონ ჩეჩინს აქციებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოც აქვს მოგებული. მეუღლის თქმით, რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ ჩეჩინი ასევე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებშიც.

„ანტონი აქციებზე დადიოდა, ჯერ რუსეთში, შემდეგ აქ, საქართველოში. 18 ნოემბერს, აქციისას ის მანქანაში ჩასვეს, თუმცა მაშინ უბრალოდ დაემუქრნენ და განყოფილებაში არ შეუყვანიათ.

3 დეკემბერს ისევ გაიტაცეს. მათ არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ იმისა, რომ პოლიციელები იყვნენ. ანტონი არა თუ ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, სიგარეტსაც არ ეწეოდა, არ სვამდა...

მომხდარს ვუკავშირებ აქციებს, როგორც რუსეთში გამართულ, ისე საქართველოში მიმდინარე აქციებში მონაწილეობას“, - განაცხადა მანანა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს