ოპოზიციის წარმომადგენლები - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის სახლთან „ლელო-საქართველოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ სანქციები დაუწესდეს პირებს, რომლებიც თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ახორციელებენ.

„რეგიონში ურთულესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების მიმართულებით.

კარგად დავინახეთ, როგორ მოხდა აჭარის ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების ზრდა, დირექტორისა და ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება, დაიხურა „ტვ 25“, ახლა მიმდინარეობს შეტევა ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედია ორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ. ივანიშვილის ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმის პროვოცირებით მოხდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის დაკავება, მას დაკავებისას პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე აყენებდა შეურაცხყოფას, რაზედაც არავინ დასჯილა დღემდე.

ივანიშვილის სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა და პატიმრობა შეუფარდეს მზია ამაღლობელს, ის 17 დღეა შიმშილობს და დღემდე არ გაუწევიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

აჭარაში მოქმედი პარტიები სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, გაზეთ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს, გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არ მივატოვებთ და ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისთვის ბოლომდე;

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს:

მიეცეს სათანადო შეფასება და განხორციელდეს რეაგირება, გამოყენებული იქნას ყველა შესაძლებლობა რათა გადარჩეს მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა;

სათანადო შეფასება მიეცეს საქართველოში, მათ შორის აჭარის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მედიაგარემოს მდგომარეობაზე;

მოვუწოდებთ ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, დაუწესონ სანქციები იმ ადამიანებს, ვინც ახორციელებენ მედიაზე შეტევას, მზია ამაღლობელის დაკავებასა და მის მიმართ ზეწოლის განხორციელებაში მონაწილე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, რომლებმაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ახორციელებენ სათანადო სამედიცინო სევრისების მიწოდებას მზია ამაღლობელზე”,- აცხადებენ ისინი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის