ანა დოლიძის განცხადებით, მან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა, რომ მზია ამაღლობელის საქმეში სასწრაფოდ ჩაერიოს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში სასწრაფოდ ჩაერიოს.

როგორც დოლიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს და მის სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.

დოლიძის განმარტებით, გაეროს აქვს ბერკეტები, ამ ვითარებაში სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს.

„ქვეყანაში არის შექმნილი ეროვნული დონის საგანგებო ვითარება. 50 პოლიტპატიმარია და მათ შორის ერთ-ერთი მზია ამაღლობელია, რომლის ჯანმრთელობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. ინფორმაცია გვაქვს იურისტებისგან, რომ მე-16 დღეა შიმშილობს. 16 - დღიანი შიმშილობა ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი დარტყმა არის. დღეს მე მივმართე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არის გაეროს ნაწილი. საქართველო არის გაერო-ს წევრი, ყოველ წელს 200 ათას დოლარს იხდის სახელმწიფო, რომ გაერო-ს წევრი იყოს. ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორი არის ცნობილი ექიმი, ჰანს კლუგე, დღეს მივმართე, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. ასევე, მას საშუალება აქვს, შევიდეს და მოინახულოს მზია ამაღლობელი. გაერო-ს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია. ელემენტარული ჩარევაა, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება. მზია ამაღლობელის სიცოცხლე პოლიტიკური აქტი და ხუმრობა არ არის, მართლაც საგანგაშო ვითარებაა. მსოფლიოში ცნობილია, მათ შორის ბრიტანეთში ფაქტები, როდესაც შიმშილობისგან ადამიანი დაიღუპა. არ შეიძლება იმით, რომ ვითომ ინფორმაცია არ ვიცით და „მაგარი ბიჭების“ როლს თამაშობს ვიღაც, ამ ადამიანის სიცოცხლე შევწიროთ. ყველა ზომა უნდა მივიღოთ. გაერო არის ის, რომელსაც დღეს აქვს ბერკეტები, ამ ვითარებაში სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს“,- განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა, რაც შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პოლიციამ ბათუმში დააკავა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო